დღეს, ზურაბ ჟვანიას 52 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, 9 დეკემბერს, ყოფილი პრემიერ -მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ის 52 წლის გახდებოდა.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიას, რომელმაც გამოძიების მსვლელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრები გამოძიების მხრიდან, თებერვლისთვის უფრო ზუსტ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ელიან.
შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი 1963 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. 1992 წელს გახდა ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ორჯერ იყო არჩეული – 1995 და 1999 წელს. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.
2001 წლის ოქტომბერში ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. მიზეზი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფცია და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების იყო. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“, ხოლო 2003 წლის ნოემბრის და ე.წ. „ვარდების რევოლუციის” შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 2005 წლის 3 თებერვლის ტრაგიკულ დღემდე, გაუგებარი მოვლენის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა.