ბიზნესმენი, დავით ნარსია “პრაიმტაიმთან” საუბრისას 2014 წლის იმ მოვლენებს იხსენებს, როცა ის წინამორბედი ხელისუფლების დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის კაბინეტში დაიბარეს და ერთი-ერთი მეგობრის ფარულ ჩაწერას სთხოვდნენ.
როგორც ბიზნესმენი გამოცემასთან ჰყვება, მას ჟურნალისტის მალხაზ გულაშვილის ფარულ ჩაწერას სთხოვდნენ, რომელი იმ დროისთვის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ნარსიას თქმის, მეგობარი ჟურნალისტის დაპატიმრებას ამ გზით აპირებდნენ.
„სასაცილოა, დღეს ირაკლი ოქრუაშვილი სამართლიანობაზე რომ ლაპარაკობს და რაიმე ზეწოლას აპროტესტებს. იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, ამის გამო დიდი ხანია ტელევიზორს აღარც კი ვუყურებ.
ამბავი, რომელიც მე გადამხდა უკავშირდებოდა ჩემს მეგობარს, ჟურნალისტ მალხაზ გულაშვილს, რომელიც იმ პერიოდში მწვავედ აკრიტიკებდა მაშინდელ, ახლადმოსულ ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ განიზრახეს მისი დაპატიმრება.
უნდოდათ, ფარული აპარატურა გამეკეთებინა, ჩუმად ჩამეწერა მეგობარი, შემდეგ ის დაეჭირათ და მე მის წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება.
უშუალოდ ოქრუაშვილთან დამიბარეს. მივედი მის კაბინეტში. შემდეგ მოვხვდი მის პირველ მოადგილესთან, მალხაზ მაისურაძესთან, სადაც სრულიად ამორალური მოთხოვნები წამიყენეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით და განადგურებით მემუქრებოდნენ.
ეს იმდენად რთული საუბარი იყო, რომ იმ მომენტში თავის მოკვლა გადავწყვიტე და ვხტებოდი მეშვიდე სართულიდან. შემდეგ თვითონვე ამომიყვანეს და ამომქაჩეს აივნიდან. მაგათ ჩემი გდარჩენა კი არ აინტერესებდათ, საკუთარი ტყავის გადარჩენა სურდათ, რადგან ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა სკანდალი იქნებოდა.
ამ კადრებს, რაც შეეხება, სიმართლე გითრათ მეც გამიკვირდა მისი გავრცელება. თვითონ ეს ამბავი 2004 წელს მოხდა, კადრები კი მოგვიანებით გავრცელდა ტელეეთერით. ნუ, იყო ჭორები, რომ ვანო მერაბიშვილმა მიაწოდა ჟურნალისტებს ოქრუაშვილის დისკრედიტაციის მიზნით. მოპირდაპირე მხრიდან იყო გადაღებული, როგორც ჩანს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა შიდა ინტრიგები ხდებოდა მათ შორის. არც დავინტერესებულვარ, რადგან ამ კადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი. შემომითვალეს, რომ აპირებდნენ ჩემს დაჭერას, რის გამოც ქვეყნიდან წავედი ავსტრიაში და იქ ვიყავი 8 წელი. 2012 წლის შემდეგ დავბრუნდი მხოლოდ“, – ამბობს ბიზნესმენი დავით ნარსია.
იხ: ვიდეო:
ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში საკმაოდ გავლენიანი პოლიტკური ფიგურა იყო, თუმცა 2007 წლიდან მას თანაგუნდელებთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, გირაოს სახით 10 მილიონი გადაახდევინეს და ქვეყნიდან გაუშვეს.
პარიზში მყოფი ოქრუაშვილი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა და კვლავ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო. ბოლო პერიოდში კი ყოფილი თანაგუნდელების გზები კვლავ გადაიკვეთა და ახლა ის სწორედ სააკაშვილის გუნდთან ერთად ქუჩის საპროტესტო აქციების მთავარი ორგანიზატორია.
მანამდე კი იყო საკმაოდ ბევრი სკანდალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდანვე არ აკლდა.
ის შინაგან საქმეთა მინისტრად 2004 წლის 7 ივნისს დაინიშნა, 16 დეკემბერს კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან.
სწორედ მერაბიშვილის სახელს უკავშირებენ ამ სკანდალური ვიდეოს ფარულად გადაღებას და მედიაში გავრცელებას. მაშინ, გიორგი თარგამაძის გადაცემა „დროებაში“ გავიდა რეპორტაჟი, სადაც ასახული იყო, თუ როგორ ხტებოდა ადამიანი ირაკლი ოქრუაშვილის კაბინეტის აივნიდან.
ამ ჩანაწერს დიდი სკანდალი მოჰყვა. მალევე ოქრუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვაში გადაინაცვლა.
მამაკაცი, რომელიც ოქრუაშვილის კაბინეტიდან გადმოხტომას და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას ცდილობდა, ბიზნესმენი დავით ნარსია გახლავთ. კადრების გავრცელების შემდეგ მოსალოდნელ ზეწოლას მან თავი ქვეყნიდან გაქცევით დააღწია და ხელისუფლების შეცვლამდე ევროპაში, პოლიტკურ დევნილობაში იმყოფებოდა.