ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ექსკლუზივი: სამინისტრო “მეტრონომს” სტატიის დროებით გადადების სანაცვლოდ ექსკლუზივის მიცემას დაჰპირდა

მეტრონომის ექსპერიმენტის შედეგი – ჯანდაცვის მინისტრის გახმაურებული ინიციატივა არ მუშაობს

„მეტრონომმა“ექსპერიმენტი ჩაატარა. ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, რუსთავი) სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ რამდენიმე აფთიაქს ვესტუმრეთ. ურეცეპტოდ შესაძლებელი წამლების ყიდვის შემდეგ, აფთიაქის თანამშრომელმა შემოგვთავაზა ბარათი, რომლის მეშვეობითაც საიტზე პაციენტის პირადი პროფილი იქმნება, ბარათზე პაციენტის ნომერიც წერია. რეკავ ამ ნომერზე, ავტომატურად ხდება რეცეპტის გამოწერა, და რაც მთავარია, ექიმთან ვიზიტის გარეშე. ამ ბარათის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი სახის მედიკამენტი, რომლის რეცეპტის გარეშე შეძენა, კანონის მიხედვით, აკრძალულია.

– ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბარათი – შეაყოვნა “მეტრონომის”ჟურნალისტი აფთიაქის თანამშრომელმა

– რა ბარათი? ზღარბები და მტრედები ბევრი მაქვს სახლში, მადლობა

– არა, ჩვენ სულ სხვა სახის ბარათს გთავაზობთ (გვაჩვენებს). ამ ბარათით, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმს, რომელიც ვიზიტის გარეშე აგიტვირთავთ ნებისმიერი წამლის რეცეპტს კომპიუტერში…

– ეგ როგორ, თუ ვიტყუები და არ ვარ ავად, მაშინ რა ხდება? ნებისმიერ წამალს ვიყიდი?

– იტყუებით? (იცინის) აუუ, ეგ რავიცი…

ამის შემდეგ, „მეტრონომი“ აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია „ფარმადეპოს“  საქმიანობის შესახებ.

2015 წლის 26 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამართა ბრიფინგი, სადაც ამ სააფთიაქო ქსელის ბარათის სისტემაზე იყო საუბარი. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამ ელექტრონული ბარათების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ „ფარმადეპოს“ წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

ჩვენ გვინდოდა სამინისტროსგან მიგვეღო ოფიციალური ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ მიზნით დავუკავშირდით სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელს, მარიამ ჟვანიას. დიდი ხნის მანძილზე გვიპირდებოდნენ, რომ სამინისტროს წარმომადგენელი ჩვენთან კომენტარს გააკეთებდა, თუმცა საბოოლოდ ჟვანიამ გარკვეული „ექსკლუზივის“ სანაცვლოდ, გვთხოვა მასალა დღეს არ  დაგვეწერა. მას შემდეგ რაც ჩვენგან უარი მიიღო, ჯანდაცვის სამინისტრომ „ფარმადეპოსთან“ დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარზეც უარი გვითხრა.

გაურკევეველია რატომ არ სურდა სამინისტროს ეს მასალა დღეს გამოქვეყნებულიყო და რატომ გვევაჭრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი გაურკვეველი „ექსკლუზივით“.

ჩვენ დავუკავშირდით  შ.პ.ს ეი-ბი-სი ფარმაციის იგივე  „ფარმადეპოს“ ადვოკატ შოთა იმნაძეს. მან სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა.

„მეტრონომთან“ რეცეპტების სისტემა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა  ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეაფასა.

ჭიაბერაშვილი: „რეცეპტის საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი არა მაქვს, თუ დასაბუთებულია რეცეპტის მიზანშეწონილობა. განცხადება იმისა, რომ  რეცეპტის გაცემამ  უნდა შეამციროს თვითმკურნალობის რიცხვი და შესაბამისად გაზარდოს მკურნალობის ეფექტურობა, ძალიან ლეგიტიმური მიზეზია, მაგრამ ქვეყნებში, სადაც რეცეპტი გამოიყენება, ძირითადად იმ მიზეზით გამოიყენება, რომ დამფინამსებელმა (კერძო სადაზღვევო კომპანია თუ სახელმწიფო) აკონტროლოს ფინანსური დანახარჯები წამალზე. ჩვენთან წამლის კომპონენტს, საყოველთაო ჯანდაცვა რომ აფინანსებდეს, ასეთ შემთხვევაში გამართლებული იქნებოდა რეცეპტის გაცემა, რადგან როცა სახელმწიფო ფულს იხდის წამალში, მანვე უნდა აკონტროლოს რამდენად ადეკვატურია წამლის მოხმარება. მაშინ როცა წამალში ფულს თვითონ ადამიანი იხდის ისე, რომ ამაში სახელმწიფო არ ეხმარება, გაურკვეველია, რატომ  ურთულებს სახელმწიფო ზედმეტი ბიუროკრატიით ადამიანებს ამ პროცესს. მათ ხომ  ჯერ ექიმის დანიშნულება უნდა აიღონ და შემდეგ ისე მივიდნენ აფთიაქში“

ჭიაბერაშვილი წამლის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად რეცეპტის შემოღებას ასახელებს.

„წამლის გაძვირებაში რამდენიმე კომპონენტი მონაწილეობს: პირველი ეს არის ლარის დევალვაციით გამოწვეული ბუნებრივი ინფლაციური პროცესები, საყოველთაო ჯანდაცვის არასწორი დიზაინი და მესამე რეცეპტების გაცემის სისტემა“.

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ ექიმის მომსახურეობა, რომელსაც იყენებს სხვადასხვა სააფთიაქო ქსელი რეცეპტების გაცემის პროცესის გასამარტივებლად, ეს დამატებითი ხარჯებია სააფთაქო ბიზნესისთვის, რომელსაც როგორც წესი ბიზნესი „საკუთარი ჯიბიდან არ ფარავს“ და ეს ისევ წამლის ფასზე ისახება.

ასე თუ ისე, ჩვენმა ექსპერიმენტმა დაგვანახა, რომ რამდენიმე ხნის წინ, მინისტრის მიერ დააანონსებული რეცეპტების შემოღების სისტემა არ მუშაობს. დღისით, მზისით, სახლიდან გასვლის გარეშეც, ერთი სატელეფონო ზარით, იოლად შოულობ ნებისმიერი წამლის რეცეპტს  და მერე მას თავისუფლად ყიდულობ. არადა, თუკი ჭიაბერაშვილის კომენტარს მოვიშველიებთ, რეცეპტების სისტემის შემოღებას ის შედეგი ჰქონდა, რომ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რამაც საბოლოოდ, ისევ გაღატაკებულ მოსახლეობას დაარტყა.

იტვირთბა....