ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა წერია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის პარტიების ერთობლივი განცხადება წაიკითხა.

ჯაფარიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრებისა და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა.

„მინდა, გაგაცნოთ ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება. დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოდგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის.

ივანიშვილის მოძალადეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა. ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელი პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება. ახლა ოცნების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკანდახევას, რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით, ივანიშვილის იძულება შესაძლებელია. ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი. ასევე, თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი. დღეს ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს „ქართული ოცნების“ თავზე. ამ მასშტაბისა და ასეთი მკაფიო შეფასებები დასავლეთიდან, აქამდე არ მოგვისმენია. მადლობა საქართველოს მეგობრებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ოპოზიციის ლიდერები აქციაზე, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მხარდაჭერებს სიტყვით მიმართავენ.

იტვირთბა....