ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით” – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, დღეს უწყვეტი პროტესტი იწყება.

როგორც უგულავამ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობისა და პარლამენტის სხდომების პარალელურად, იქნება „სირცხვილის კორიდორები“ და პიკეტირება.

„ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულისკენ მიაქანებს; ვისაც მიაჩნია, რომ ერთადერთი და ლოგიკური სამართლიანი გამოსავალი რიგგარეშე არჩევანია; ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ყველა ზღვარს მიღმაა; ვინც გრძნობს და განიცდის, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის შელახული და ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ერთად ქვეყანას განვითარება არ უწერია, დღეს შეიკრიბება და ხელისუფლებას თავის ძალას დაანახებს.

ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლაზე რეაგირებს და საერთაშორისო აქტიურობა და საერთაშორისო ჩართულობა არის მხოლოდ მაშინ, როცა აქ ხალხი წუხს. ამიტომ ბევრმა ადამიანმა უნდა დაანახოს ამ ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასე ცხოვრებას არ შევეგუებით. დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი.

პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, აქცია პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს.

დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

იტვირთბა....