ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფოთში სუფრებს შლიდა, ხმა რომ მოეგროვებინა… ორმაგად უხერხულია” – დეისაძე ჩერგოლეიშვილს პასუხობს

„ერთ მუსიკოსს გადავეყარე, თავდაცვით რეჟიმში ამართლებდა დღევანდელ დღეს საკუთარ დისფუნქციურობას „ნაცების“ სისხლიანი წარსულით“ – ნუ არაფერი განსაკუთრებული, უნიჭოდ ბანალური პოსტი იყო”, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვლი სოციალურ ქსელში სტატუსი წერს.

“როგორ ავუხსნათ, რომ ჩვენც გვირჩევნია ბოუი, დილანი და პინკფლოიდი ადგილობრივების მუსიკას? როგორ ავუხსნათ, რომ მათსა და ნიქ ქეივს შორის რა სხვაობაცაა, იგივე სხვაობაა ქართულ და დასავლურ დემოკრატიას შორის და ეს ნაპრალი რომ შევავსოთ, წინ უნდა ვიყუროთ და არა წარსულში? როგორ ავუხსნათ პოსტ საბჭოთა დაბნეულებს, რომ წარსულის გააზრება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალში არ დაუშვა იგივე შეცდომა და არა იმისთვის, რომ ამ ჭაობში დარჩე? თუ არ ავუხსნათ? დავიკიდოთ, მკვდარ ბოუის ვუსმინოთ და მისი ქართველი კოლეგების მედროვეობის იმედად ვიყოთ?“, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

“ტაბულას” დამფუძნებლის პოსტის საპასუხოდ მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„ეს პოსტი მე მეძღვნება, „თავდაცვით რეჟიმში ამართლებს დღევანდელ დღესო“, თან საკუთარ „დისფუნქციურობას“ ამართლებსო ამბობს 3 %-ანი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ფოთში სუფრებს შლიდა და ოჩოფეხებით დარბოდა, როგორმე ხმა რომ მოეგროვებია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიისთვის.

დიახ, „საკუთარ დისფუნქციურობასო“. დიახ, ჩემზე. მადლობა ღმერთს, დღეს მე უფრო მეტი მსმენელი მყავს, ვიდრე ამას ამომრჩეველი. მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი: ხალხი, რომელიც ყველაფერს საბჭოთა კავშირს აბრალებს, ოღონდ საკუთარი პასუხისმგებლობა და ბრალეულობა აირიდოს. ხალხი რომელიც დღემდე საბჭოთა ისტორიაში იქექება, სხვებს უკრძალავს 15 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენონ, იმიტომ, რომ იქ თვითონ არიან და მესმის ძალიან უხერხულია, დღევანდელი გადმოსახედიდან, ორმაგად უხერხული.

ჩემი გამართლებული ბიძინა სად ნახა, არ ვიცი, („თეთრი ხმაურის“ აქციებზე, „ბირჟა მაფიის“ აქციებზე, თუ „სირცხვილიას“ აქციებზე სადაც პროპორციულ არჩევნებს ვითხოვდით და თვითონაც იქ იდგა).

ბიძინას მმართველობა რომ საქართველოს პრობლემაა, ამაზე ვთანხმდებით, ეს არ ნიშნავს რომ ამ პრობლემის გასაღები თქვენ ხართ, თქვენ, ვინც თავისი არასწორი პოლიტიკის შედეგად ეგ პრობლემა სათავეში მოიყვანა, და იმის მაგივრად პასუხისმგებლობა იგრძნოთ, ახლაც სხვებისკენ იშვერთ თითს. მეტიც , ცოტა საღადაო თემაც კი გახდა „რა დროს „9 წელიაო“, „ეს ძმაო ქოცური ნარატივია“, „ბიძინას წისქვილზე ასხამს წყალს“ „it’s not cool’“ და ა.შ.

„ეთიკის ფეისბუქ ჟანდარმერია“, რომელიც კედელ -კედელ დაძრწის და ხალხს მიუთითებს ვინ რაზე ილაპარაკოს და ისტორიის რომელი მონაკვეთი გაიხსენოს. თავს ნუ შეიწუხებს, წარსულის გადმონაშთებისგან მომავალზე მითითებას ვერ მივიღებ. ჰიტლერზე და სტალინზე რომ წიგნებს წერენ და ფილმებს იღებენ, ვკითხოთ იმ ხალხს, რა ნახეს ამ წარსულში ეგეთი, როცა ამდენი პრობლემაა და მომავალზე მეტი კონცენტრირებაა საჭირო. ბოდიშით კედლის დაბინძურებისთვის, ჩემს კედლებს ჩემი ლექსები უფრო ამშვენებს. ამიტომ მეტს აღარ მოგაცდენთ და წერას გავაგრძელებ, იქნებ მედროვე აღარ ვიყო, დროს გავუსწრო და ბოუვი გამოვიდე“,- წერს ერეკლე დეისაძე.

იტვირთბა....