“სანქციები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეუბნებით, არის სრული ბოდვა. რაც შეეხება იმას, რომ ბატონი ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, ნუ რა ვქნათ ეხლა, არ აპირებს და კი ბატონო, თუ მისი მდგომარეობაა, რომ მიეცეს თვითგვემას, თუ მისი მზანი ისაა, რომ მიეცეს თვითგვემას და ციხეში მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმაოს, ეს მისი არჩევანია.”
ალუდა ღუდუშაური – “ქართული ოცნების” წევრი.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი 16 თებერვალს მოუხსნა, ხოლო 17 თებერვალს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა და პატიმრობა შეუფარდა.
23 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავა.