ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია” – მამუკა ხაზარაძე

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მსვლელობით ფილარმონიისკენ გაემართებიან, საიდანაც 13:00 საათზე ოპოზიციის მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ შეუერთდებიან.

ხოლო “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  15:00 საათზე დაანონსებულ აქციას “ლელოს” მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

„ჩვენი პარტიის წევრები და ამომრჩევლები ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. აქედან შევუერთდებით სხვა ოპოზიციური პარტიის მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ. ქვეყანა უმძიმეს, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პანდემიურ კრიზისში და უიმედობაშია. მთავრობა უსუსურია, ქვეყანაში სუფევს სრული უსამართლობა.

ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს კონსტიტუციის ფარგლებში, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აქცია პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს.

დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

იტვირთბა....