პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს, ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო – 536 355 ლარი. მმართველ კოალიციაში შემავალ ზოგიერთ პარტიას – “მრეწველებსა” და “ეროვნულ ფორუმს” კი შემოწირულება საერთოდ არ მიუღიათ.
ასევე მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა შემოწირულების სახით მხოლოდ 1 300 ლარი მიიღეს. რესპუბლიკურ პარტიას 1 380 ლარი, კონსერვატიულ პარტიას კი – 1 320 ლარი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ “რესპუბლიკელების” ანგარიშზე საერთო ჯამში 29 368 ლარია დარიცხული, თუმცა აქედან 27 988 ლარი საწევრო გადასახადია.
რაც შეეხება სხვა პარტიებს; 1-ელი იანვრიდან დღემდე მიღებული შემოწირულობის რაოდენობის მიხედვით, პარტიებს შორის 279 710 ლარით მეორე ადგილზე – “თავისუფალი დემოკრატები” არიან, მესამეზე კი 260 240 ლარით – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
სხვა პოლიტიკური ძალების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულობების ოდენობა ასე გამოიყურება: “პატრიოტთა ალიანსი” – 171 170 ლარი, “დევნილთა პარტია” – 52 151 ლარი, “თავისუფალი საქართველო” – 34 546 ლარი, “რესპუბლიკური პარტია” – 29 368 ლარი (აქედან 27 988 ლარი საწევროა), “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 23 360 ლარი, “ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია” – 14 120 ლარი, პარტია “განახლებული საქართველოსთვის” – 2 875 ლარი, “კონსერვატიული პარტია” – 1 320 ლარი, “ხალხის პარტია” – 1 135 ლარი, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 1 107 ლარი, “ქართული პარტია” – 1 000 ლარი, “ქართული დასი” – 861 ლარი.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ეს მონაცემები მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 9 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს. მათივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობიდან 526 000 ლარი ფულადი, 10 095 ლარი კი არაფულადი შემოწირულობაა.
პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულობა მიიღეს.