ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ.
როგორც დღეს ცააძის და ფირცხალავას ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა განაცხადეს, მოსამართლემ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენის სანაცვლოდ ათიათასობით დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, ამის დამადასტურებელ არგუმენტად კი, იმ ფაქტს ასახელებენ, რომ კოჭლამაზაშვილმა წინსწრებით დაფარა ორი იპოთეკური სესხი. გიორგი ცააძის დის ირინა ცააძის თქმით, კოჭლამაზაშვილს სესხი 2017 წელს უნდა დაეფარა, მაგრამ წინასწარ გადაიხადა 8 დეკემბერს.
“გვეგონა, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი დამოუკიდებელი მოსამართლე იყო, თუმცა, როგორც ჩანს, განაჩენის სანაცვლოდ მან ათიათასობით დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო. მას ორი სესხი ჰქონდა, რომელიც გუშინდელი რიცხვით გადაფარა. გაჩნდა ეჭვი, რომ მას დიდი ოდენობით ქრთამი აქვს აღებული”, – განაცხადა ირინა ცააძემ.
ირაკლი ფირცხალავს მეუღლის ინგა ხვიტიას თქმით კი, კოჭლამაზაშვილმა პოლიტიკური მოტივით გამოიტანა განაჩენი.
“ეს არის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც 41-გვერდისგან შედგება. განაჩენი ემყარება სიყალბეს და ცრუ ჩვენებებს. სტრასბურგში თუ წაიკითხავენ ამ განაჩენს, შესაძლოა მოსამართლეს თავზე დაახიონ. ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ინგა ხვიტიამ და დასძინა, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილის ძმა პროკურატურაში მუშაობს; კერძოდ, ის ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორია.
რაც შეეხება ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს, მისი განცხადებით, ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ ცრუ მოწმეები მოიყვანა და არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ცრუ მოწმეებსაც ჰქონდეთ თანხა აღებული. ერთ-ერთი მოწმე, როგორც ადვოკატმა განმარტა, ქვეყნიდან გაიყვანეს. მისივე თქმით, დაცვის მხარე შეისწავლის ვითარებას და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოაქვეყნებს პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების გაყალბების ფაქტებს.
“გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა პასუხი აგოს ყველამ ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. რაც შეეხება მოსამართლეს, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, გენინსპექციას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რათა დაინტერესდნენ ბადირ კოჭლამაზაშვილით”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ე.წ.კორტების სპეცოპარციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი შეტანილი აქვს პროკურატურასაც, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილების გამამართლებელ ნაწილს ასაჩივრებს.