“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას” სიის პირველი ნომერი, მომღერალი ბუბა კიკაბიძემ გადაცემა „მთავარ აქცენტებიში“ სტუმრობისას ანზორ მელიას მიმართა:
„ანზორ, რადგან კარგი ბიჭი გაგეზარდა დიდი კაცი ხარ, ბედნიერი კაცი ხარ. ნიკას დაპატიმერებაზე არ ინერვიულო, ახლა მთელი საქართველო იმაზე დარდობს შენ, მისმა მეუღლემ და თქვენმა ოჯახში რომ არ ინერვიულოთ.
ჩემმა მესამე კლასელმა შვილთაშვილმა, იმ დღეს მითხრა, ბუბა, შენ ხომ ცნობილი კაცი ხარო, ეს რას ნიშნავს-თქო, ხომ უყვარხარ ყველას, ჩემმა მასწვალებელმაც მითხრა, რომ ძალიან მიყვარსო. ხოდა, წადი და პარლამენტის დირექტორს სთხოვე, ნიკა გამოუშვასო. მინდა ბატონ ანზორს, ვუსურვო მოესწროს პატარა ბიჭის გაზრდას, რომ გაიზარდოს ნორმალურ ქვეყანაში, არ ეშინოდეს სკოლაში წასვლა და მოსვლა“ , – თქვა ბუბა კიკაბიძემ.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი 16 თებერვალს მოუხსნა, ხოლო 17 თებერვალს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა და პატიმრობა შეუფარდა.
23 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავა.