ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააპელაციო სასამართლომ მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

მელიას ადვოკატების საჩივრის მიხედვით, იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა – 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა. პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი 16 თებერვალს მოუხსნა, ხოლო 17 თებერვალს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა და პატიმრობა შეუფარდა.

23 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავა.

იტვირთბა....