ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომლის წინააღმდეგაც, შესაძლოა, ვაქცინები ნაკლებად ეფექტური იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექიმებმა კორონავირუსის B.1.526 შტამი აღმოაჩინეს, რომელიც პირველად ნოემბერში დაფიქსირდა, ხოლო თებერვლის შუა რიცხვებში საკმაოდ ფართოდ გავრცელდა.
“შემთხვევები დაფიქსირდა ვესტჩესტერში, ბრონქსში, ქუინსში, მანჰეტენსა და ბრუკლინში. ასე რომ, ის უკვე ფართოდ არის გავრცელებული და ეს არ არის იზოლირებული აფეთქება”, – განაცხადა კვლევითი ცენტრის, Aaron Diamond AIDS-ის დირექტორმა, დოქტორმა დევიდ ჰომ.
ცნობილია, რომ ნიუ-იორკში ასევე გავრცელებულია კორონავირუსი სხვა მუტაციებიც, რომლებიც გამოვლენილია სხვა ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკის ჩათვლით.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, გასულ კვირას კიდევ ექვს ქვეყანაში გამოვლინდა, მთლიანობაში ახალმა ვარიანტმა 86 ქვეყანაში მიაღწია.