საუბარი და დიალოგი უალტერნატივოა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შემქნილი მდგომარეობა აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყნის განვითარებასა და მომავალს. რადგან ეს ხალხიც ამ ქვეყნის გულშემატკივარია და ისინიც ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. შესაბამისად, მათაც აქვთ სურვილი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც განსაკუთრებით, ბოლო წლებში იგრძნობა, გაგრძელდეს. არის მხარდაჭერა და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება და პოლიტიკური დისკუსიის დაწყება მოვახერხოთ. სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მომავალას. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, არის აუცილებელი. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტელევიზიებთან განცხადებების კეთების ნაცვლად, უკეთესია, თუ ორივე მხარე დიალოგის მაგიდას მიუჯდება და ისე განიხილავენ კრიზისიდან გამოსვლის გზებს.
„თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები არ დავსხდებით, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისები, ამას მერე სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს ან ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვქონდეს, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ამ ყველაფრის მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, საზოგადოებამაც უნდა გაითვალისწინოს და ყველამ, რომ კანონი არის უზენაესი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მნიშვნელოვანია, დიალოგი, ერთმანეთის პატივისცემა და ყველაფერი არის მოგვარებადი პოლიტიკური დისკუსიის დაწყებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მას შემდეგ, რაც მელია დააკავეს, საერთაშორის საზოგადოებიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვადასხვა ინსტიტუებმა მმართველ პარტიას კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძიებისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.