“ვფიქრობ, რომ გახარია ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის. „ფეისბუკზე“ ფოტო დადო და ასე დაემშვიდობა თავის თანამშრომლებს. ამ ფოტოს რომ 100 ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს”, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გამოცემა „ალია“ განაცხადა,
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის.
“ფაქტია, ჰყავს მხარდამჭერები. ამით მიანიშნა, რომ ანგარიშგასაწევ ძალად რჩება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ისიც გავიხსენოთ, რომ გახარიას საკმაოდ ბევრი დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, რომლებიც პიროვნულად მას ემორჩილებიან და არა „ქართულ ოცნებას“.
ამავე დროს, იმის მიმანიშნებელი, რომ გახარია პარტიას ჩამოაყალიბებს ისიც არის, რომ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგა, ის „ქართული ოცნების“ წევრად დარჩა, მამუკა ბახტაძეც გადადგა და პარტიიდან არ წასულა.
გახარიამ კი პრემიერ–მინისტრობა და „ქართული ოცნება“ ერთდროულად დატოვა. გიორგი კვირიკაშვილიც გავიხსენოთ, ისიც გადადგა, პარტია დატოვა და დღეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია.
პარლამენტში ათზე მეტი დეპუტატი ჰყავს გახარიას და ნებისმიერ დროს, როდესაც ეტყვის რომ პარტიას ჰქმნის, ეს ხალხი მის პარტიაში გადავა. არ გამიკვირდება, თუ გახარიას ვიხილავთ სერიოზულ მოთამაშედ ქართულ პოლიტიკაში.
სამეგრელოს რეგიონიდან გასული ყველა დეპუტატი გახარიას რეკომენდაციით მოხვდა „ქართული ოცნების“ სიაში. კიდევ რამდენიმე დეპუტატია, რომლებიც გახარიას გუნდის წევრები არიან და არა „ქართული ოცნების“. ეს ნაბიჯი თუ გადადგა გახარიამ, აირევა „ქართული ოცნების“ მონასტერი. შესაძლოა, ამან საპარლამენტო უმრავლესობა დაშალოს”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ცნობისათვის, გიორგი გახარიამ 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.