ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკოსმა უნდა შექმნას ღირსეული სისტემა, თუ სისტემამ უნდა შექმნას ღირსეული პოლიტიკოსი?” – ზურაბ გურულის მიმართა

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, ზურაბ გურული სოციალური ქსელის საშუალებით მორიგ მიმართვას ავრცელებს.

“მეტრონომი” ზურაბ გურულის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“კვერცხი თუ ქათამი, სისტემა თუ პოლიტიკოსი?

ვინ უნდა იყოს პირველი? პოლიტიკოსმა უნდა შექმნას ღირსეული სისტემა, თუ სისტემამ უნდა შექმნას ღირსეული პოლიტიკოსი?

ფრიად საჭირბოროტო შეკითხვაა საქართველოსათვის, სადაც ამომრჩეველთა გადამწყვეტი უმრავლესობა აცხადებს, რომ პოლიტიკოსების არ სჯერა და ამიტომ არ ივლიან არჩევნებზე, პასიურად გადგებიან განზე, მონაწილეობას არ მიიღებენ არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში და ასე შეეცდებიან მორალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

პასუხი ისევ ისტორიაში უნდა ვეძებოთ. წარმატებული, განვითარებული ქვეყნების ისტორიაში. ამერიკის ე.წ. დამფუძნებელი მამებიც არ ყოფილან ანგელოზები, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიას ყველა პატივს სცემდა. თუნდაც თომას ჯეფერსონი, თავისი ცნობილი მონა საყვარლით. ერთი რამ იყო მხოლოდ, ამ ადამიანებმა ბოლომდე გაიაზრეს საკუთარი სისუსტეები და ამერიკის კონსტიტუცია ისე შექმნეს, რომ ყველა ადამიანური ცდუნება გათვალისწინებული ყოფილიყო. ადამიანი ბუნებით ჰედონისტია, უყვარს ცხოვრებისეული სიამენი და თუ მათზე შეუზღუდავი წვდომა ექნება, ირყვნება. ეს არის ურყევი აქსიომა და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს აქსიომა არ მოერგება.

საიდან მოდიან ქართველი პოლიტიკოსები?

მოდიან 70 წლიანი ოკუპაციიდან, 70 წელი სიყალბეში, ტერორში, გარყვნილებაში ცხოვრებიდან; სახელმწიფოდან, სადაც ხაზინის ქურდობა, პირფერობა, მლიქვნელობა, სიცრუე ობიექტური მოთხოვნილება იყო თავის გადასარჩენად და რაც მთავარია სახელმწიფოდან, რომელიც არ იყო მათი. რეალურად შეუძლებელი იყო, რომ ამ აჯაფსანდალიდან რამე გამომდნარიყო. საქართველოს არ ჰყავდა დამფუძნებელი მამები, რომლებიც რკინის მუშტისა და მაღალი ზნეობის კომბინირებით შეძლებდნენ სისტემის შექმნას. ისეთი სისტემის, რომელიც შემდეგ გამოზრდიდა ნამდვილ პოლიტიკოსებს.

ის, რაც დღეს გვაქვს, მარტო პოლიტიკოსების ბრალი არ არის, ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვერ შევძელით სისტემის შექმნა. ვერ შევძელით იმიტომ, რომ ჩვენი შეკვეთა არ იყო სისტემის შექმნა. თავი მოვიკატუნეთ და დღესაც ვიკატუნებთ, რომ პრიორიტეტების სხვა სიაც არსებობს, ერის გადარჩენის, წართმეული მიწების დაბრუნების, პირადი სოციალური კეთილდღეობის და ა.შ.
არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი არაფერი, ვიდრე გამართული პოლიტიკური სისტემის შექმნაა. სისტემის, რომელიც გააკონტროლებს ყველა ადამიანის ცდუნებებს. გააკონტროლებს მაქსიმალურად შესაძლებელი სიმკაცრით.

სანამ ერის „შეკვეთა“ პოლიტიკური სისტემის შექმნა არ იქნება და ეს სისტემა უმკაცრესად არ იქნება დაცული შეუბრალებელი და უკომპრომისო ფიზიკური ძალით, მანამ სახელმწიფო არ შედგება.
ასე რომ, იდეალური პოლიტიკოსები ციდან ვერ ჩამოცვივდებიან. ისინი უნდა შექმნას სისტემამ. სისტემა კი უნდა შეიქმნას ჩვენი, ხალხის მოთხოვნით.” – წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....