„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას არასდროს უღალატია საკუთარი თანამოაზრეებისთვის, მათ შორის 26 მაისს. მისი თქმით, 26 მაისს განვითარებული მოვლენების და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავების ერთმანეთთან შედარება ბევრი ფაქტორის გამო არ შეიძლება. ეს განცხადება ბურჯანაძემ იმ ადამიანების კრიტიკის საპასუხოდ თქვა, რომლებიც მას ნიკა მელიას, დაკავების შემდეგ, 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებენ.
„არასდროს მივაჭრია, არასდროს ფულზე არ გამიყიდია ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესები. არასდროს მიღალატია ჩემი თანამოაზრეებისთვის, მათ შორის 26 მაისს იმიტომ, რომ ხალხის მოთხოვნა იყო, ბოლომდე ვმდგარიყავით და ბოლომდე ვიდექი. არასდროს ვაპირებ, ვივაჭრო იმ ადამიანების ინტერესებით, ვისაც ჩემი სჯერა. ნუ მომაყოლებთ ჩემს სახელისუფლებო ან საოპოზიციო კაბინეტში ვინ, რამდენს, ვისგან ითხოვდა. ვინ როგორ ვაჭრობდა, ვინ, რა თანხებზე საუბრობდა და ვინ, რაში ყიდდა იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთა გულის აჩუყებას ახლა ცდილობენ. გამიფრთხილებიხართ, ენა გააჩუმეთ! პოლიტიკურად ამოგაძრობთ ენას, არაპირდაპირი გაგებით, ცხადია, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!
26 მაისის და გუშინდელი დღის შედარება ბევრი ფაქტორის გამო არ შეიძლება, მით უფრო იმიტომ, რომ შენობაში მსხვერპლის რისკი და ალბათობა 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსთაველზე იყო. რუსთაველზე ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ შესაძლოა, მსხვერპლი ყოფილიყო. არავინ მივიჩნევდით, რომ იქ სიცოცხლისთვის საფრთხე იყო. როგორც წესი, ღია სივრცეში დაგეგმილ აქციაზე არ არის ხოლმე ასეთი რამ. რაც შეეხება შენობაში დაგეგმილ აქციას, ნათელი იყო, რომ თუ იქნებოდა წინაღმდეგობა, გარდაუვალი იქნებოდა მსხვერპლი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.