ამერიკაში მოღვაწე ექიმი, ზურაბ გურული სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
ექიმი “ფეისბუქი” გავრცელებულ მიმართვაში პოლიტიკურ მოვლებეთან დაკავშირებით საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთვაზობთ.
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსების სტატიებს რომ გადახედოთ, გამონაკლისის გარეშე, ყველა მათგანი ისტორიული პარალელების მიმოხილვით იწყებს მსჯელობას და ლოგიკური დასკვნების გამოტანას. ისტორია სიბრძნის უდიდესი წყაროა, რადგან არსად სხვაგან ასე კარგად არ არის კონცენტრირებული ადამიანთა უნივერსალური ბუნების ემპირიული აღწერა. ერთია მხოლოდ,
ისტორიის ობიექტური ანალიზი ძალიან ძნელია, რადგან მისი გაყალბება და პროფანაციაა იოლი. ამ ფაქტს შესანიშნავად იყენებენ სპეცსამსახურების პროპაგანდის დეპარტამენტები.
თუ გადავხედავთ ბელარუსის და რუსეთის მრავალმილიონიანი მიტინგების “ნოუ ჰაუს”, შემდეგ შევადარებთ უკრაინული მაიდანის ისტორიას, მერე ყველაფერ ამას დავაპარალელებთ ვენესუელას მოვლენებთან და განდისა და ბრიტანეთის კოლონიალურ არმიასთან ბრძოლის მეთოდიკასთან, ჭკვიანი ადამიანი საკუთარ დასკვნებს გამოიტანს.
დასავლეთის განცხადებები, რომ საქართველო დასცილდა ნატო-სა და ევროკავშირის გზას, კომიკურია. არ მეგულება მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ჩვენ ოდესმე ერთი გოჯით დავუახლოვდით ამ ორგანიზაციებს, შესაბამისად ვერც დავშორდებოდით. ამიტომ, ეს განცხადებები რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდით მართულ მასაში მხოლოდ ღიმილს იწვევს. რუსეთი ბრიტანეთი არ არის და ინდური სამშვიდობო ფილოსოფია მათზე არ მოქმედებს.
კოლონიების ელიტის ერთადერთი მოტივაცია ყოველთვის იყო და არის ფული. ფული არის ყველანაირი იდეის ყველაზე ეფექტური საპირწონე. კოლონიის ელიტა არ უნდა დაიმშეს. ეს იცის ყველა კოლონიზატორმა. მარტივია. საქართველოს მსგავს ქვეყნებში ამერიკულ-ევროპული მრავალმილიონიანი ფინანსური ტრანშები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ადგილზე გააჩერონ პოტენციურ ემიგრანტთა მრავალმილიონიანი მასა. ამ ტრანშების უდიდესი ნაწილი ილექება კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეთა ჯიბეებში და საშუალებას აძლევს პათოლოგიურ, გაბერილ ფსევდოსახელმწიფო სტრუქტურებს, რომ უსასრულოდ იარსებონ.
თუ გავიხსენებთ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ განცხადებას ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის მომავალზე, მინისტრთა კაბინეტის მომავალი ლიდერის მიერ, ადვილი მისახვედრია თუ რა მიმართულებით მიემართება ქვეყანა და რა მომავალი ექნება მაქსიმალურად გაზრდილი “სახელმწიფო” მოცულობით. ეს პოლიტიკური და ეკონომიკური უმომავლობაა, შესაბამისი შედეგებით. ერთადერთი ქმედითი, რაც დასავლეთს შეუძლია, არა სახელმწიფო ტრანშების შეჩერებაა, რომლის მცირე ნაწილი მაინც კვებავს დამშეულ სპექტრს, არამედ კორუმპირებული ელიტის საერთაშორისო სამართლით კონტროლია. რამდენად არის შესაძლებელი ამის გაკეთება დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ლიდერად აფრიკის ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის ფინანსთა მინისტრს ნიშნავენ, ან სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეები ასევე ყველაზე კორუმპირებული ფსევდოსახელმწიფოებიდან არიან მიწვეულნი, თავად განსაჯეთ. ასეთია თანამედროვე მსოფლიოს ე.წ. დემოკრატიული წესრიგი.
ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მათი მოწოდებები, როცა ორივე მხარეს თავშეკავებას ურჩევენ , მოძალადეებსაც და ძალადობის მსხვერპლსაც. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საქართველოს დაემართოს, ეს საზოგადოების შემდგომი პოლარიზაციაა. რაც უფრო მოიმატებს “გამარჯვებულთა” ყიჟინა და “დამარცხებულთა” უძალო ბოღმა, მით უფრო უიმედოდ დეგრადირდება ქვეყანა. ძალადობა ერთნაირად ხრწნის და ანადგურებს მოძალადესაც და მსხვერპლსაც. მარტივი და გამოცდილი აქსიომაა. რეალობაში მთელი საქართველო დამარცხებულია ამიტომ. გადახედეთ ბოლო ასი წლის ისტორიას და მიხვდებით. რომელმა ქართველმა გაიმარჯვა? და რაღა დარჩა საქართველოსგან?
მე არა მაქვს იმედი, რომ ერთი მუჭა გონიერი ადამიანების გარდა ვინმე გაიაზრებს ზემოთქმულს. უბრალოდ, მოთმინებით ველი “სსრკ-ს” კიდევ ერთ წაფორხილებას, თუმცა წინა წაფორხილებაც კი ჩვენს საზიანოდ დასრულდა. იქნებ …” წერს გურული.