“ქაოსის მიზანზე გათვლილი გეგმა ვერ აღსრულდება. რაც არ უნდა იძახონ, მართლები არიან, საზოგადოება მტყუანს და მართალს კარგად არჩევს. ბუნებრივია, ქაოსის მიზნისკენ ვერც მორალი, ვერც კანონი და ვერც სიმართლე ვერ იქნება,” – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელიამ შეგნებულად ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში წასულიყო.
„თუ ვინმეს უნდა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სტანდარტი, რომ პარლამენტში დანაშაულებრივი შეჭრა არის კანონიერი, მაგრამ თუ პარტიის ოფისში ბრალდებულ პირს, რომელიც გირაოს პირობებს განზრახ არღვევს და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის, დააკავებენ, ეს არის დაუშვებელი, ეს სტანდარტი ვერ დამკვიდრდება. გულწრფელად გეტყვით, ადამიანის დაკავება არავის უხარია. როცა ადამიანი სახელმწიფოს იძულებულს ხდის, სახელმწიფოებრიობაზე იზრუნოს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით პრინციპულია, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე იდგეს და კანონი აღსრულდეს. ნიკა მელიამ შეგნებულად ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში წასულიყო. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურად შევხედავთ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტიის ფორმალური ლიდერი გაწირა ციხისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ციხეში მისი პირადი წაქეზებით მოხდა, დაუჯერა მას და გულზე ბევრი მჯიღი ირტყა, რომ ვერ დაიჭერდნენ, თუმცა კანონი და სამართალი აღსრულდა და მიხეილ სააკაშვილის გეგმა „ბე“ მოქმედებაში ვერ მოვიდა. ვხედავთ, რომ საზოგადოების რეაქცია არის განსხვავებული. ქაოსის მიზანზე გათვლილი გეგმა ვერ აღსრულდება. რაც არ უნდა იძახონ, მართლები არიან, საზოგადოება მტყუანს და მართალს კარგად არჩევს. ბუნებრივია, ქაოსის მიზნისკენ ვერც მორალი, ვერც კანონი და ვერც სიმართლე ვერ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.