“ქართული ოცნების” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს, კერძოდ, – ენმ-ს თავმჯდომარემ ან ბრალი უნდა აღიაროს, ან გირაოს თანხა გადაიხადოს. მისი თქმით, ახლა უკვე თავად მელიას ხელშია, რომელ გზას აირჩევს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. მას საჯარო გამოსვლებშიც აქვს ნათქვამი, რომ ის იჭრებოდა პარლამენტში – ის ამას თუ აღიარებს სასამართლოშიც, მე მგონი, გამოსავალი იქნება ყველასთვის ძალიან კარგი. ეს მის ხელშია, როგორც აქამდე იყო”, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.