ირკვევა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთავის სასჯელაღსრულების 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავების შემდეგ პარტიის ოფისიდან, მელია ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში. დაკავებულს უკვე შეხვდნენ მისი ადვოკატები.
გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ბედნიერია იმით, რომ ოფისში შეკრებილებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და სპეცრაზმს ძალადობის გარეშე დახვდნენ.
“იგი არის ძალიან ბედნიერი იმით, რომ უამრავმა ადამიანი, რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა ოფისში, აბსოლუტურად მშვიდად და ძალადობის გარეშე დახვდა სპეცრაზმს, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებმა დაზიანებები არ მიიღეს. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ. როდესაც დაიწყება საქმის განხილვა, თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ, რომ ეს საქმე არის შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული,” – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.