ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ასეთი სიმწვავის ფონზე, ხელისუფლება ვალდებულია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” არჩილ გამზარდიას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“გახრწნილი სისტემა გვხდის ყველას მსხვერპლებად, მათ შორის, ხელისუფლებასაც საკუთარი თავის მსხვერპლად. რაც მთავარია, ქვეყანას, ამ სისტემის მსხვერპლად.

გახრწნილი სისტემის შედეგია ჯიბის სასამართლო, გახრწნილი სისტემის მსხვერპლია შსს-ც, რომელიც დღეს თავად უფრო აღმოჩნდა დაზარალებული, რადგან უსამართლოდ, შერჩევითად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების იძულების რეჟიმში აღმოჩნდა.

გახრწნილი სისტემის შედეგია ის შერჩევითი “სამართლიანობა”, რაც ასულდგმულებს ხელისუფლებას. ეს ფრაგმენტული, თითქოსდა ინსტიტუციური წესრიგი, რომელიც მთლიანობაში სწორედ კონსტიტუციის და კანონის თავზე გადავლაა. რომელ კონსტიტუციურ წესრიგზეა საუბარი, როდესაც ხელისუფლება შერჩევითი პოლიტიკის რეჟიმშია და როდესაც რეალური ძალაუფლება არაუფლებამოსილ პირებს გააჩნიათ.

ეს არის ის გახრწნილი სისტემა, რომელიც მართავს დღეს ხელისუფლებას და ეს არ არის არც ქოცების შექმნილი, არც ნაცების შექმნილი, შესაძლოა არც შევარდნაძის შექმნილიც, ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობის წილი უსაფრთხოებისა და უშისროების, ძალოვანების სისტემებში, რომლებიც აქეთ მართავენ საქართველოში ხელისუფლებებს და რის გამოც, როგორც კი ქვეყანა წინ წაიწევს, ისე ტრიალდება სიტუაცია, რომ ყოველ წინწაწევაზე უკან ვბრუნდებით და ამასობაში დავკარგეთ წლები, შემოგვადნა ტერიტორიები, იდენტობა, ეროვნულობა, პერსპექტივა, ცივილიზებულ სამყაროსთან ბმის პერსპექტივა და ა.შ.

ჩვენ ამ სიბნელის მიმართ გვაქვს ბრძოლა, პირველ რიგში ცნობიერებით, შინაარსით, რაციონალობით. პოლიტიკური აქტიორების სწორად გამორჩევით და ა.შ.

დღეს ხელისუფლებამ გადააბიჯა ყველაფერს არა იმით, რომ ნიკა მელია დააკავა, არამედ იმით, რის გამო დააკავა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ დაკავებამ და რაც აჩვენა დღეს ხელისუფლებამ და აჩვენა არა სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტურობა, არამედ შერჩევითობა, სამართლებრივ ფორმაში შეფუთული უსამართლობა და ავტორიტარიზმი, რაც ყოველთვის დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, სულ ცოტა, ბოლო 30 წელია.

ასეთი სიმწვავის ფონზე ხელისუფლება ვალდებულია დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და უარი თქვას პოლიტიკურ რეპრესიებზე”, – წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....