“იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას”, – ამით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე კომენტირებისას აცხადებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, რათა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი – დასავლეთში ინტეგრაცია ჩიხში არ შევიდეს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
“ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.
პ.ს. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ: – ნაციონალური მოძრაობა თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია;
– 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.” – წერს გიორგი კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.