ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში?

ექსკლუზიური ინტერვიუ უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორთან, ლაშა პატარაიასთან

ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ადამიანის პირადი ინფორმაციის დაცულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სამთავრობო უწყებები, ბიზნეს სექტორი თუ უბრალოდ, მოქალაქეები კომპიუტერიზაციის მინუსებს სულ უფრო ხშირად აწყდებიან. განვითარებული ქვეყნები კიბერ უსაფრთხოებისთვის დიდ რესურსებს ხარჯავენ. რამდენად დაცულია საქართველო ამ მხრივ?

მითუმეტეს, დღეს შსს-მ facebook-ის პირადი გვერდების უნებართვო მოხმარებისთვის ორი პირი დააკავა. სხვისი სოციალური ქსელის თუ სატელეფონო კომუნიკაციის პირადი მიზნებისთვის არასამართლებრივი გამოყენების შემთხვევები არც ისე მცირეა. ლაშა პატარაია, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი და ინსტრუქტორი „მეტრონომს“ ქართულ კიბერ უსაფრთხოებაზე ესაუბრება.

„მეტრონომი“: რამდენად დაცულია კიბერ სივრცეში პირადი ინფორმაცია? რადგან არსებობს ვერსია, რომ სოციალური ქსელების  ე.წ. „გატეხვა“ და პირადი ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებელია.

ლაშა პატარაია:  ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა ის, რომ ჩვენი კომფორტის ყველა ელემენტთან ერთად, როგორიცაა დისტანციური კომუნიკაციის შესაძლებლობა, ონლაინ შოპინგი, ონლაინ კომერცია, ელექტრონული სამთავრობო სერვისები და ა.შ. ეს კომფორტი გარკვეული საფასურის მატარებელიც არის. საფასური კი ამ შემთხვევაში პრივატულობაა. ანუ, რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიური პროგრესი, მით მეტი საფრთხე ჩნდება, როგორც ინდივიდუალური პრივატულობის დონეზე, ასევე ბიზნესსა და სამთავრობო სფეროში.  საფრთხეები სამ სეგმენტად უნდა დავყოთ: ინდივიდუალური ადამიანები, ანუ მოქალაქეები, ბიზნეს სექტორი და სამთავრობო სექტორი. ამ სხვადასხვა სეგმენტს საფრთხის სხვადასხვა აგენტი ჰყავს, ანუ ის, ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს არამართლზომიერი მოქმედებებით მათთან მიმართებაში. ტექნოლოგიური პროგრესიდან გამომდინარე ჩნდება თემები, რაც საზოგადოებაში შეიძლება არ იყოს შესწავლილი. ბიზნეს სექტორიც და მთავრობაც სრულად კომპიუტერიზებულია. ანუ, ბიზნესები და მთავრობები გადავიდნენ ახალ სივრცეში, რასაც ჰქვია კიბერ-სივრცე. ამ კიბერ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე ადეკვატური მზაობა არა მარტო ჩვენთან, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. ეს პრობლემა აწუხებს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ბიზნეს-სექტორს, ისე სამთავრობო უწყებებს.  პრივატულობის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ჩვენ ვხედავთ მსოფლიო ლიდერებს, რომელთაც უსმენენ და მათი საუბრების ჩანაწერების გავრცელება ხდება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ჩვეულებრივმა ადამიანმა პირადი ინფორმაცია დაიცვას, რომელსაც ბერკეტები არ გააჩნია  .

– უნდა შევეგუოთ, რომ პირად ინფორმაციას და კომუნიკაციის უსაფრთოხებას ვერ დავიცავთ?

– არავითარ შემთხვევაში. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს სწორედ ასეთ თემებზე. ჩვენი ამოცანაა სამოქალაქო სექტორმაც შეძლოს საკუთარი პირადი ინფორმაციის დაცვა. ამის შესწავლას სჭირდება დრო, დაინტერესება, მონდომება და იმის გათავისება, რომ ეს რეალური პრობლემაა. ვატარებთ ტრეინინგებს, გვაქვს  საიტი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას ონლაინ უსაფრთხოების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას.

– რაც შეეხება სახელმწიფო თავდაცვას, განვითარებული ქვეყნები კიბერ უსაფრთხოებაზე დიდ რესურსს ხარჯავენ. ჩვენ რამდენად ვართ დაცული ამ მხრივ? 

– დიდი საშინაო დავალება გვქონდა მოცემული 2008 წელს, როდესაც საქართველომ გადაიტანა პირველი კიბერ ომი, რაც ძალიან ცოტამ იცის არასათანადო გაშუქების გამო. პრობლემა გათავისებულია. შეიქმნა სამსახურები, რომლებიც გარკვეულ დონეზე ალაგებენ კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკას, კონცეფციას, ქმნიან კანონებს, მუშაობენ სამართალდარღვევების კუთხით და ა.შ.  მიზანი არის კიბერ რეზერვის შექმნა. სულ ახლახანს დაანონსდა თავდაცვის მინისტრის მიერ, რომ 2016 წლის გაწვევა იქნება კიბერ რეზერვში, რაც ნიშნავს იმას, რომ სამხედრო დონეზე განიხილება კიბერ უსაფრთხოება, ანუ თავდაცვა. მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ მხრივ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით კმაყოფილები ვიყოთ, რადგან გამოწვევები ძალიან დიდია, ხოლო ამ სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ჩვენი აკადემია სწორედ ამაზე მუშაობს, რომ კიბერ უსაფრთხოების სფეროში კადრები მომზადდეს. შესაძლებელია დავიცვათ ჩვენი კიბერ უსაფრთხოება.

კიბერ შეტევის მსხვერპლი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი. წარმატებულმა კიბერ შეტევამ კი შეიძლება გამოიწვიოს რეალური ფიზიკური ზიანი. კიბერ-უსაფრთხოება რომ ჰოლივუდური თემაა, ეს შეხედულება დიდი ხანია გაქარწყლდა. არაერთი კიბერ შეტევის ქეისი ვიხილეთ, რომლებსაც სერიოზული რეაგირება მოჰყვა და მედიაში არაერთხელ გაშუქდა. რაც მთავარია, ეს პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ არ ჩანს. არიან დიდი კომპანიები, რომლებიც კიბერ შეტევების მსხვერპლნი ხდებიან და ძალიან მნიშვნელოვან თანხებს კარგავენ. მათი ინტერესებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე, ისინი არჩევენ , რომ ეს ყველაფერი არ გაასაჯაროონ.

– ფარული ჩანაწერებიც პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაა. რამდენად დაცულია ჩვეულებრივი მოქალაქე, რომ არ მოუსმენენ?

– მოსმენების თემა სხვანაირად არის ჩვენთან გაშუქებული. როგორც უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ადამიანს, მიმაჩნია რომ მოსმენების ტექნოლოგიები მილიონობით მოქალაქეს იცავს, რადგან ამ ტექნოლოგიებმა ძალიან ბევრი საფრთხის თავიდან არიდება მოახერხა, იგივე, ტერორისტული აქტების წინასწარ გამჟღავნება და სხვა. რომ არა ფარული, ლეგალური მიყურადება, ჩვენი უსაფრთხოება იქნებოდა ნულზე. ეს ტექნოლოგია ხელშეუხებელი უნდა იყოს სპეცსამსახურების მუშაობისთვის, თუმცა, რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლის პირობებში.

მოსმენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი  ნიუანსია, რომ მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ საზოგადოებაში უნდა მოხდეს იმის აფიშირება, რომ მოსმენებს მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არ აწარმოებენ. სახელმწიფოს გარდა ეს ტექნოლიგია გააჩნიათ ჰაკერებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და ტექნოლოგიის განვითარების გამო, ძალიან ბევრი რამ ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ხელმისაწვდომია, ამიტომ, არა უშუალოდ მოსმენას უნდა ვებრძოლოთ-რადგან ეს შეუძლებელია, არამედ- უნდა ვებრძოლოთ ამ მოსმენების შედეგებით მანიპულაციას. რომ არ შეეძლოს მისი სახით ვინმეს შანტაჟი, კომპრომატირება და ა.შ.

ფარული მიყურადება ცდება ტელეფონს. ძირითადი ჩვენი კომუნიკაციები გადავიდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. აქ არის საუბარი,  როგორც სოციალური ქსელზე, მეილზე, სმარტფოუნებზე და სხვა. ყველა ეს პროგრამული უზრუნველყოფა მოწყვლადია. გზა, რომელსაც თქვენი სიტყვა, მესიჯი გადის ადრესატამდე, ცდება მხოლოდ ერთ პროგრამულ მასშტაბებს. ამ კომუნიკაციის გზაზე იმდენ მოწყვლად ადგილს ნახავთ, უცბად შეუძლებელია მიხვდეთ საიდან გადის ინფორმაცია. შესაბამისად, პრივატულობის უზრუნველყოფის საჭიროება გასცდა მხოლოდ სატელეფონო მოსმენის მასშტაბებს.

– და რას გვირჩევთ პრივატულობის უზრუნველყოფისთვის?

– www.case.ge-ს გამოყენებას. რასაც ჩვენ ვასწავლით როგორც მოქალაქეებს, ასევე კერძო კომპანიებს თუ სამთავრობო უწყებებს, სწორედ ეს არის – მათი კიბერ უსაფრთხოების დაცვა. ამ ცოდნის მოკლე პერიოდში ათვისება შესაძლებელია. თქვენს პრივატულობაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ.

მანა ნოდია

იტვირთბა....