ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მისია შესრულდა, ანიტა 500 ოჯახში შევიდა” – რა მიმართვას ავრცელებს ანიტა ფაცაციას ბებია

“საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციამ, სასაჩუქრედ, ანიტას ლექსების კრებულის საკმაოდ დიდი პარტია შეიძინა”, – ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი გოგონას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ანიტა ფაცაციას, ბებიამ, შვილიშვილის გარდაცვალების წლისთავზე, ლექსების კრებული – „მოფერება ლექსებად“ უძღვნა. ცოტა ხნის წინ თამუნამ ეს კრებული სალომე ზურაბიშვილს საჩუქრად პირადად გადასცა. როგორც გლურჯიძემ თქვა, სწორედ მაშინ აღუთქვა სალომე ზურაბიშვილმა კრებულის გარკვეული რაოდენობის შესყიდვა.

„ამიერიდან ქალბატონი სალომეს მეშვეობით ჩემი გოგო უამრავ საინტერესო ადგილას დაიდებს ბინას. მისია შესრულდა, ანიტა 500 ოჯახში შევიდა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე რომ ვიყავი, მაშინ მითხრა, რომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, კრებულის გარკვეული ოდენობის შეძენა. როგორც მითხრა, შესაბამისი შეხვედრების დროს, სასაჩუქრე პაკეტს ჩემს კრებულს დაამატებს. რა თქმა უნდა, არც ველოდი ასეთ შემოთავაზებას, უფრო შოკი იყო… რეზიდენციიდან რომ გამოვედი, მერე და მერე უფრო გავაცნობიერე, რა სასწაული ხდებოდა ჩემს თავს… საერთოდ, ემოციური შეხვედრა შედგა. რომ მეგონა ორი წუთით მიმიღებდა, ოცი წუთი დავყავი პრეზიდენტის კაბინეტში…“, – აცხადებს გლურჯიძე.

ცნობისთვის, 2 წლის ანიტა ფაცაცია ზუსტად 1 წლის წინ 30 იანვარს გარდაიცვალა. ის დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა. გულის კუნთის ოპერაცია ინდოეთში გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....