ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანიაში საქართველოს მხოლოდ 500 მოქალაქე დასაქმდება

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა და აქედან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 ადამიანი დასაქმდება. გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე დასაქმების საპილოტე პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ 500 – ადგილიანი კვოტაა დაწესებული.

რეალურად რამდენი ადამიანი შეძლებს გერმანიაში გამგზავრებას? – გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ 2021 წლის 16 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველ, საპილოტე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა კვოტა, რომელიც 500 სეზონური მშრომელით განისაზღვრა.

რა დაჯდება გამგზავრება და რამდენს გამოიმუშავებენ დასაქმებულები გერმანიაში გამგზავრებისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის: – კორონავირუსის PCR-ტესტი, რომელიც 100-150 ლარამდე ღირს. საქართველოს ბიომეტრიული [ე.წ. უცხოეთის] პასპორტი, რომლის ღირებულებაც, არქონის შემთხვევაში, შეკვეთიდან მე-10 სამუშაო დღეს 100 ლარია. ჯანმრთელობის ცნობა, იგივე ფორმა 100, რომელიც აღებაც საშუალოდ 40-120 ლარი ღირს.

ორმხრივი ავიაბილეთი, რომელიც დაახლოებით 600-დან 1500 ლარამდე ეღირება [ღირებულებაც იცვლება სხვადასხვა საავიაციო კომპანიებისა და ბილეთების შეძენის დროის შესაბამისად]. ნასამართლეობის ცნობის აღება [დაჩქარებული წესის გამოყენების გარეშე] უფასოა. გარდა ამისა, სეზონურად დასაქმებულებს მოუწევთ აეროპორტიდან დასაქმების ადგილზე ავტობუსით, მატარებლით ან ტაქსით ჩასვლა, რაც განსხვავებული იქნება გამომდინარე დასაქმების ადგილის დაშორებისა და გადაადგილების ფორმის მიხედვით.

გერმანიაში მოქალაქეები კვირაში 5 ან 6 დღის განმავლობაში, დღეში 8-10 საათი იმუშავებენ. შესაბამისად, მათ მიერ გამომუშავებული თანხა 3 თვის განმავლობაში მინიმუმ 5000-დან 7 400 ევრომდე იქნება, რომელსაც გამოკლდება გამგზავრების, საცხოვრებელისა და კვების ხარჯები. ასევე, ხელფასიდან დაიქვითება 5 %, როგორც გერმანიის საშემოსავლო გადასახადი.

მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეავსეს სარეგისტრაციო ფორმა, აცხადებენ, რომ გამგზავრებისთვის საშუალოდ 1000-1500 ლარი დაეხარჯებათ, ხოლო გერმანიაში მუშაობის დროს 12 000-დან 15 000-მდე ლარის დაგროვებას ვარაუდობენ. სეზონური დასაქმების პროგრამა ცირკულარული მიგრაციის სახეა, რა დროსაც ადამიანები, რომლებიც ერთ კონკრეტულ საცხოვრებელ გარემოში, ქალაქში, სოფელში ან ქვეყანაში ცხოვრობენ, სამუშაოდ გადაადგილდებიან სხვა ადგილებისკენ, საიდანაც პერიოდულად საკუთარ სახლებში ბრუნდებიან.

იტვირთბა....