პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების დროს საერთო ენის გამონახვას ეცდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი ქვეყანაა და დარწმუნებულია მის მმართველ ალიევთან დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებს წარმატებით წარმართავს.
„ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან, მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილია პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატად, რომელსაც პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს.