პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების 80% ამ კვირში შემსუბუქდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ამ კვირაში მისი მეთაურობით პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც შეზღუდვების მოხსნა განიხილება.
“ჩვენ, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემსუბუქდება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა შეიმუშავა.
შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა პირველი თებერვლიდან, კერძოდ, გაიხსნა სავაჭრო მოლები და განახლდა სასწავლო პროცესი, 8 თებერვლიდან კი ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.