პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დღეს მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანაა, რაზეც ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მთვარობის ახალ კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
ღარიბაშვილის თქმით, პრიორიტეტებს შორისაა 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება.
„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ის მზად არის ბიზნესის სტიმულირებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში პირადად ჩაერთოს.
ცნობისთვის, პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის პ;ენარულ სხდომაზე დღეს იმსჯელებენ. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვის საჭიროა სულ მცირე 76 ხმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ “მოქალაქეები.”