სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების(ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ნინო დოლიძე დაინიშნა.
აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე ორგანიზაციის გამგეობამ აირჩია.
ორგანიზაციის ცნობით, ნინო დოლიძე საჯარო პოლიტიკის მაგისტრია. მას აქვს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა. ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან უკვე შეუდგა.
შეგახსენებთ, ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა, თანამდებობიდან მისი წასვლა კი საპარლამენტო არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორებული მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება.
კერძოდ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).
ჩასწორებული შედეგების მიხედვით, მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.