ახალი ამბები ინტერვიუ კულტურა მთავარი საზოგადოება

მიშა მდინარაძე: “რა გამოკითხვებს ატარებდა ცისკარიძე? მომეცით ეს გამოკითხვები”

კახა ცისკარიძეს არ უნდა ჰქონდეს ჩემთან პრეტენზია… – აცხადებს მიშა მდინარაძე

თბილისის საახალწლო კონცერტის გარშემო ინტერესი არ წყდება: რატომ მიიღო მერიამ პროექტი კონკურსის გარეშე? როგორ შეირჩა კონკრეტული მომღერლები მონაწილეობის მისაღებად? ვინ არის ორგანიზატორი და რა პროექტები გაუკეთებია მანამდე? – ეს კითხვები, როგორც საზოგადოების ნაწილს, ასევე კომპანია „არტ ფორუმის“ მფლობელს,  კახა ცისკარიძეს აქვს. მან „მეტრონომთან“ ინტერვიუში საკუთარი შენიშვნები უკვე გააჟღერა მერიის მიმართ.

როგორც მერიაში გვიპასუხეს, კონკურსის  გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდათ. წლის განმავლობაში მიღებული პროექტებიდან შეარჩიეს კომპოზიტორი მიშა მდინარაძე და მისი საკონცერტო კონცეფციის მიხედვით, მასვე დაუკვეთეს კონცერტის ორგანიზება.

თბილისის საახალწლო კონცერტის ორგანიზატორმა უკვე გააჟღერა ვინ მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. ესენი არიან : მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბედია, სოფო გელოვანი, გიორგი მახარაშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ეკა დოლიძე, ნოდიკო ტატიშვილი და ოთო ნემსაძე. რა კრიტერიუმებით შეარჩია მომღერლები და რა პასუხები აქვს მას საკმაოდ ბევრ დაგროვებულ კითხვებზე? მიშა მდინარაძე „მეტრონომს“ ესაუბრა.

 „მეტრონომი“: მიშა, კონკურსის გარეშე პროექტის მიღებას გარკვეული ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს.  რას იტყვით ამის შესახებ?

მიშა მდინარაძე: ეს ჩემი პრობლემა არ არის, ამაზე მერიას უნდა მიმართოთ. მე შევიტანე კანცელარიაში საახალწლო პროექტი. დანარჩენი მერიის პრეროგატივაა. დამირეკეს და მითხრეს, რომ მოსწონდათ ჩემი პროექტი და მისი რეალიზაცია ახლა მიმდინარეობს.

„არტ ფორუმის“ დამფუძნებლის, კახა ცისკარიძის აზრით მსგავსი სახელმწიფო პროექტები გამოცდილების მქონე გუნდმა უნდა აკეთოს. რამე პროექტი გაქვთ მანამდე გაკეთებული?

– 17 ოქტომბრის კონცერტი, ნახეთ? მარიკა თხელიძის საავტორო კონცერტი გახსოვთ? ამ პროექტის მუსიკალური ავტორი გახლდით და თანაორგანიზატორი. კონცერტის ორგანიზება არ არის პროფესია, ეს არის გამოცდილება და მუსიკასთან ურთიერთობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ამ კონცერტის არც რეჟისორი ვარ, არც სცენოგრაფი, მე ვარ მუსიკალური ხელმძღვანელი. ჩემი საქმე მაქვს. თქვენ გგონიათ რომ იქ ყველაფერს მე ვაკეთებ? ასე ხდებოდა ადრე. ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებდა. აქ ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს. მე მუსიკალური მხარის ორგანიზატორი ვარ, იმის, რაც ყველაზე კარგად ვიცი ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვარ მუსიკოსი. დანარჩენებმა, სცენოგრაფმა თუ რეჟისრომა და ა.შ. ყველამ იცის თავისი საქმე. კახა ცისკარიძეს ეს გამოცდილება საიდან მოუვიდა? თუ არასდროს არაფერს გააკეთებ, შეიძლება გამოცდილების აკრეფა?

– ამ შემთხევავში ჩვენი რესპონდენტი საუბრობდა, რომ კერძო კომპანიების შეკვეთების შემდეგ გადავიდა სახელმწიფო შეკვეთაზე.

– როგორ დაიწყო კახა ცისკარიძის „არტ ფორუმმა“, ეს ყველასთვის გასაგებია. მგონია, რომ მორალური კატეგორიები არსებობს, რომელზეც არ უნდა ილაპარაკო. წლების განმავლობაში გაუთავებლად მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომ  აკეთებდა კონცერტებს, ეს მხოლოდ გამოცდილებაა?! ყველაფერი შეიძლება თქვა, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ რეალობა სამწუხაროდ, ყოველთვის სხვანაირია. 15 წელია ვწერ მუსიკას, 15 წელია ვმუშაობ ტელევიზიაში და რადიოში, მთელი ცხოვრება ვარ კონცერტზე და სცენაზე. კახა ცისკარიძემ ცოტა გადახედოს ვისზე ლაპარაკობს და რა პრეტენზიები აქვს.

– რა განსხვავება იქნება ამ საახალწლო კონცერტის კონცეფციაში?  

– მე ვარ მუსიკალური კონცეფციის ავტორი. ადრე მსგავს კონცერტებს არანაირი საზრისი არ ჰქონდა. მაშინ იყო კონცერტი კონცერტისთვის, სადაც ყველა მღეროდა. ახლა, აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. ამ კონცერტს აქვს საზრისი, კონცეფცია და იდეა. რაც, ძალიან დიდი ბოდიში და წინა წლებში არ მახსოვს არც ერთ კონცერტზე. მუსიკალურ იდეაზეა საუბარი – ყველაფერი ახალი წლის ირგვლივ იქნება. პირველი ნაწილი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია-იქნება საუკეთესო საოპერო არიების მარგალიტები და ასეთივე მარგალიტები-ვალსები, გნებავთ ვენური, გნებავთ ჩაიკოვსკის… მგონია, რომ ასეთი ახალი წელი არ ყოფილა და ისიამოვნებთ, თუ გიყვართ მუსიკა.

– მომღერლები, რომლებიც კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, პროფესიონალები არიან, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ კიდევ რა პრინციპით შეირჩნენ? ჩვენთან ინტერვიუში კახა ცისკარიძე საუბრობდა, რომ „არტ ფორუმი“ იყენებდა გამოკითხვებს, რეიტინგებს და ამის მიხევდით ადგენდნენ მონაწილეთა სიას…

– რა გამოკითხვებს ატარებდა ცისკარიძე? სად არის ეს გამოკითხვები? ვინ აწარმოებდა? რომელი კომპანია? მომეცით ეს გამოკითხვები და მათი შედეგები. მე მაქვს ერთადერთი კრიტერიუმი: ვარ მუსიკალური კონცეფციის ავტორი, ხელმძღვანელი და მე მაქვს ყველა უფლება ჩემი პროექტისთვის ავარჩიო ის მუსიკოსები, რომელიც მე მჭირდება. წარმოიდგინეთ, რომელიმე კომპოზიტორი რომ აკეთებს კონცერტს, ვის აქვს უფლება ამ კონცერტისთვის აარჩიოს მონაწილეები? გამოკითხვა უნდა ჩატარდეს?

– მაგრამ აქ სახალხო კონცერტზეა საუბარი, ორგანიზატორის პირადი სიმპათიის მიხედვით უნდა შეირჩეს მონაწილეები თუ სხვა კრიტერიუმებით – რეიტინგი, პოპულარობა, გამოკითხვის შედეგები…

– რა პოპულარობის მიხედვით, სად არის, აბა, ვინ არის პოპულარული? სად არის რეიტინგები, გამოკითხვები, ვინ აკეთებს ამას, აბა, მითხარით? მომღერლის პოპულარობა იცით როგორ განისაზღვრება? ორი კატეგორიით; ერთი – გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით და მეორე – კონცერტზე მოსული ადამიანების რაოდენობის მიხედვით. რომელი ერთი არის საქართველოში?

როგორც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მონაწილეები მე შევარჩიე. ერთადერთი კრიტერიუმი იყო მათი პროფესიონალიზმი და რამდენად შეეძლოთ ამ პროექტის მორგება ვოკალურად, მგონი, ეს ძალიან კარგად გავაკეთე.

კახა ცისკარიძეს ახლა არ უნდა ჰქონდეს ჩემთან, მიშა მდინარაძესთან პრეტენზია, მაშინ როცა წლები მხოლოდ ერთი კომპანია აკეთებდა ამგვარ შეკვეთებს. ეს ეჭვის საბაბი არ არის? მე ვაკეთებ ერთ კონცერტს და ვამთავრებ ამით, იმიტომ, რომ მგონია, ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცევა. მომავალ წელს რომ არანაირი კავშირი არ მექნება ამ ყველაფერთან, ეს შემიძლია ახლავე გითხრათ. იმიტომ, რომ სხვამაც უნდა გააკეთოს… ეს ბუნებრივია. რამდენიმე წლის მერე რა იქნება, ვერ გეტყვით.

 

მანა ნოდია

 

 

იტვირთბა....