“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს და აქციის გაუქმებაც სწორად ამას უკავშირდება. ამის შესახებ მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“იცით, რომ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისათვის, 15 თებერვალს ოპოზიციამ განაცხადა, რომ 25 თებერვალს, ისინი საპროტესტო მსვლელობას გამართავდნენ, ხოლო 31 მარტს მასშტაბური აქცია გაიმართებოდა.