“საქართველომ შეძლო და ჩვენ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით,აშშ-სთან და ევროკავშირთან ხელმოწერილი კონტრაქტების ფარგლებში დგინდება ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები.
„ვაქცინების მიღებისა და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობა ქვეყნის მზაობაა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. „კოვიდ-19“-ის ვაქცინების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მომენტიდან, უშუალოდ ვაქცინაციის პროცედურამდე, ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია. ქვეყნის მასშტაბით უკვე შერჩეული და მომზადებულია ვაქცინაციის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები, დასრულდა სამედიცინო პერსონალის აქტიური გადამზადება, უზრუნველყოფილია ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის ყველა პირობა, ცივი ჯაჭვის განსაკუთრებული პირობების ჩათვლით. მოგეხსენებათ, ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში ნებაყოფლობითია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ჩვენ ერთად შევძლებთ პანდემიის დასრულებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.