10 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლზეც სისტემატიურად ძალადობდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეს დანით სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციას ქალი ატყობინებდა, რომ მისი მეუღლე, 31 წლის კაცი მასზე სისტემატიურად ძალადობდა. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ოჯახში მყოფი ბავშვები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მამა დედაზე ძალადობდა და დანით ემუქრებოდა.
ასევე, ირკვევა, რომ სამართალდამცველები ბავშვების მონათხრობმა კიდევ ერთ, მძიმე დანაშაულის კვალზე გაიყვანა. მათ გამომძიებლებს უთხრეს, რომ მამას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ნათესავ ბავშვთან, რომელსაც სულ ეთამაშებოდა. სწორედ ამ გარემოებამ დააეჭვა სამართალდამცველები.
გამოიკითხა ნათესავის 10 წლის ბავშვი, რომელმაც არ დამალა, რომ მამაკაცი თვეების განმავლობაში მასზე სექსუალურად ძალადობდა. საუბარია ცოლის ნათესავ ბავშვზე, რომელიც ბრალდებულის ოჯახში ხშირად სტუმრად იმყოფებოდა და მის შვილებთან ერთად თამაშობდა.
არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციამ 21 თებერვალს, ზემოხსენებული მამაკაცი ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა,” “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.