ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მჯერა, ამ მნიშვნელოვან ეტაპზე საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ქვეყნის წარსულსა და მომავალს” – არჩილ თალაკვაძე

“საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს“ – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ  საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს.

„ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე, მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ, სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას უმთავრეს მიზნად. მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

იტვირთბა....