ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა

პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში საზეიმო ღონისძიებები იმართება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, “ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს” გახსნიან.

პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში იმართება, სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა მიმართავენ.

დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, “თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვებენ.

კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს, ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს. საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის, პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვებენ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრებიან.

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
საუკუნის წინ მიღებულმა კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. კონსტიტუცია 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა.
1921 წლის კონსტიტუცია ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე, რომელშიც თანადროული კონსტიტუციონალიზმის ყველა მიღწევა და საკაცობრიო ღირებულება აისახა.

იტვირთბა....