სამართალდამცავებმა 19 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი და ამჟამად, ძებნილი ბადრი ესებუას მძევალი, ირაკლი კვარაცხელია დააკავეს.
როგორც გამოცემა “პრაიმტაიმი” იუწყება, ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას მალე სასამართლო განიხილავს.
ამასთან, ესებუას ყოფილი მძევალი აღნიშნულ მედიასაშუალებასთან საუბრისას აცხადებს, რომ ის სამართალდამცველების მიერ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება.
„გუშინ, აქციაზე 173-ე მუხლით დამაკავეს, თითქოს ქუჩის გადაკვეთას ვცდილობდი და ასევე, მედავებოდნენ იმას, რომ პოლიციის მითითებას არ დავემორჩილე. ეს ნამდვილად სიცრუეა, რადგან ქუჩის გადაკეტვას არ ცდილობდი, მინდოდა კარვის დადგმა.
შემიდგინეს საჯარიმო ოქმი, რომელიც შემდგომ სასამართლომ უნდა განიხილოს. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში გამათავისუფლეს. ხელბორკილები ზურგს უკან დამადეს და ასე ვიყავი ამ 3 საათის განმავლობაში” – ამბობს ყოფილი მძევალი.
ცნობისთვის, 19 თებარვალს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის უკან გაშლილი კარავი, აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გადმოიტანეს და საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლა სცადეს.
შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავა.
რაც შეეხება ბადრი ესებუას მძევალს, შეგახსენებთ, რომ 2020 წლის, 21 ოქტომბერს, შსს-ში დაახლოებით 14:21 სთ-ზე ზარი შევიდა, რომლის თანახმადაც ზუგიდიში, საქართველოს ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით იტყობინებოდა.
პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს და დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია დაიწყეს.
გამტაცებელმა მძევლად ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მომხმარებლები აიყვანა, მათ შორის იყო ირაკლი კვარაცხელიაც. სწორედ, კვარაცხელია იყო ის, ვინც ტელევიზიაში დარეკა და შემთხვევის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
რამდენიმე წარუმატებელი დევნისა და დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ, ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა კვლავ ძებნილია.