ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნდობა ერთ წამში წყალს გაატანა”- სოზარ სუბარი გიორგი გახარიას წასვლას აფასებს

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებს აფასებს და ამბობს, რომ მან “ყველაფერი წყალს გაატანა.”

როგორც სუბარი ამბობს, ასეთ პერიოდში გუნდის ლიდერის მოულონელად წასვლა არ შეიძლება.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან გახარიას დიდი ნდობა ჰქონდა, რაც შეეძლო ქვეყნისთვის გამოეყენებინა.

“ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც, ჩემი აზრით. არ ვიცი, ამას სახელს ვერ ვარქმევ. ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან არ შეიძლება. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე.

რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს, როგორც მაჟორიტარის, საარჩევნო კამპანიაზე.

უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა ეს მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება

როცა ადამიანი დგამს არასწორ ნაბიჯს, ის, საბოლოოდ, აისახება მის მიმართ ნდობაზე,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, წასვლის მიზეზად კი მის გუდში ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზე პოზიციების შეუთავსებლობა დაასახელა.

იტვირთბა....