ამ თემაზე წერა უცებ მომინდა. არადა როგორ არ მოგინდება, როცა სეკულარულ ქვეყანაში, ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების გარკვეულ ნაწილში, ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა ნულია. სულ რომ ათეიზმში დამადანაშაულონ, უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. სანამ ლანძღვას დამიწყებთ, ჩემით ვიტყვი, ისე, ინფორმაციისთვის… ათეისტი არ ვარ. ვერც ეკლესიაში დავდივარ, ვერც მარხვას ვიცავ (არც არასდროს მიცდია), მაგრამ, ზოგიერთი ვაი-მრევლისგან განსხვავებით, ბიბლია კარგად მაქვს წაკითხული, ბავშვობიდანვე გავითავისე ქრისტეს ცხოვრება და ჩემს შვილებსაც გავუზიარე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჯერ განათლებაა საჭირო, შესაბამისი ცოდნა, ინფორმაციის სათანადოდ მიღება და მერე უნდა ირწმუნო ისე, როგორც გიკარნახებს საკუთარი მე.
რწმენა ხელს არ უშლის სამოქალაქო საზოგადოების ფერხულში ჩართვას, თანამედროვე ტექნოლოგიების, თუ ევოლუციური მონაპოვარის გათავისებას. პირიქით, ის გეხმარება სულ სხვა კუთხით აღიქვა სამყარო, გაგიჩნდეს შენი აზრი, შექმნა რაღაც ახალი და თუ შეძლებ, დატოვო რაიმე ფასეული.
როცა ხალხი სეკულარულ სახელმწიფოში გენდობა და გირჩევს თანამდებობის პირად, მას რაღაც დოზით სჯერა, რომ საკუთარი რელიგიის გაფეტიშებას და მერე სახელმწიფო ინსტიტუტებში გოგლი-მოგლივით აგლესვას არ დაიწყებ. მარტივად რომ ვთქვა, პატივისცემით მოეპყრობი აქამდე მონაპოვარს და ემოციებით არ იხელმძღვანელებ. საკუთარი რწმენის გამო არ შეეცდები კონსტიტუციის დაჩეხვას, კანონის უგულებელყოფას და წამიერი ადრენალინის გამოყოფის გამო არ მოინდომებ სისტემის იგნორირებას.
ალბათ მიხვდით რა თემაზეც მაქვს აქცენტი. მესმის პატრიარქის, რომელმაც ემოციებით უყურა პატიმრების მიერ დადგმულ სპექტაკლს და მათი გათავისუფლება მოუნდა. მას გაუჩნდა აზრი, რომ ჰქონოდა შეწყალების უფლება… მე მისი მესმის… მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მან მოინდომა ადამიანების გათავისუფლება, შეწყალება, პატიება, შენდობა – რაღაც დოზით, ეს ხომ არის კიდეც მისი ცხოვრების აზრი და სულიდან, რელიგიიდან, მრწამსიდან წამოსული სურვილი?! მაგრამ როგორ პასუხობს მას სეკულარულ ქვეყანაში ხალხის მიერ არჩეული ჩინოსანი? გასაგებია, რომ იზიარებს პატრიარქის ემოციებს, მაგრამ როცა გამოიხედავს მეორე მხარეს და ხედავს ხალხს, სახელმწიფოს, წლობით ნაშენებ ინსტიტუტებს და ერთი ხელის მოსმით სურს, ერთი გაუაზრებელი გადაწყვეტილებით, ყველაფერი დაანგრიოს, მხოლოდ ერთი შთაბეჭდილება მრჩება – მას რაღაც არ ესმის და მას არ აქვს სათანადო განათლება, რომ გაიაზროს შედეგი და უკუჩვენება, რომელიც ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს.
მოსალოდნელ შედეგებზე წერის დაწყებისთანავე, ჩემი ერთი ადრინდელი, წლების წინ დაწერილი ბლოგი გამახსენდა. ვეძებე, ვეძებე და როგორც იქნა ვიპოვე. გადავიკითხე. ისეთი აზრი შემექმნა, თითქოს არაფერი შეცვლილა იმ ბლოგის დაწერის შემდეგ საქართველოში, რადგან იგივე ბლოგს დავდებდი ახლაც საიტზე და თანხვედრაში, თავისუფლად იქნებოდა დღევანდელობასთან. თითქოს, ამ ქვეყანაში პროგრესი მხოლოდ ფულის შოვნასთან, ახალი შენობის თუ გზის მშენებლობასთან, თანამედროვე მობილური ტელეფონის თუ ახალი მოდელის ჯიპის ქონასთან ასოცირდება.
მეც მართლმადიდებელი ვარ, ჩემი შვილებიც მართლმადიდებლად მოვნათლე. როგორც აღვნიშნე, ქრისტეს ცხოვრებასაც კარგად ვიცნობ და ეკლესიაშიც დავდივარ ხოლმე, ტრადიციებსაც პატივს ვცემ და წინაპრების ძვლებსაც.
კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს მართლმადიდებლურ-პატრიოტული პოპულიზმი ახასიათებს. სამწუხაროდ, როგორც მაღლა აღვნიშნე, მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი დღეს ეკლესიაში ისე დადის, რომ ბიბლია არა აქვს წაკითხული, არ იცნობს ქრისტეს ცხოვრებას. საზოგადოების ასეთ ნაწილს მხოლოდ მართლმადიდებლური რიტუალების პირნათლად დაცვა გაუხდია ცხოვრების მთავარ კრედოდ და მზადაა თუგინდ ბრმად დაუჭიროს მხარი საპატრიარქოს, პატრიარქს, თუგინდ ვერ ერკვეოდეს კონკრეტულ საკითხში და ამავე დროს, ყველაფერი უცხოური პოლიტიკის გავლენას, დასავლურ სტანდარტებთან უნიფიცირებას დააბრალოს.
მერე პირდაპირ ეთერში დასხდებიან “ღიპიანი” პილიტიკოსები და საქართველოს ისტორიით ცდილობენ მანიპულირებას. ბევრს საუბრობენ ეთნიკურობასა და რელიგიაზე და თანაც ისე, რომ მათ შორის განსხვავება ან არ იციან, ან ვერ ამჩნევენ. ზოგი ქვეყნის მონარქიულ მოწყობაზე ქადაგებს და რიგ შემთხვევებში იგი თეოკრატიაში ერევა. სეკულარიზმს აგინებენ და თან მას დასავლურ კულტურასთან აიგივებენ და ისიც არ იციან, რომ ნამდვილი სეკულარული იდეოლოგია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არასოდეს ყოფილა დამკვიდრებული იმ პრინციპებით, რასაც ქართული საზოგადოება, ხშირ შემთხვევებში, აიდეალებს. ვურჩევდი ასეთ პოლიტიკოსებს, სანამ პოლიტიკური ამბიციები და პირდაპირი ეთერიდან მორალის კითხვის სურვილი გაუჩნდებათ, თავად ამერიკელი კონსტიტუციონალისტებისა და პროფესორების დასკვნები წაეკითხათ. ესეც ის გამოუცდელობაა, რომელიც დასაწყისში აღვნიშნე, ესეც იმ ორი უკიდურესობიდან ვერგამოსვლაა, რომელმაც სიმსივნესავით ჩაისადგურა ქართულ ცნობიერებაში.
შესაძლოა ორი უკიდურესობა იყოს: სეკულარიზმი და კლერიკალიზმი, მაგრამ, სანამ რომელიმე მათგანზე მსჯელობას დავიწყებთ, იქნებ გავიხსენოთ, რომ განსხვავებული ხილის დარგვამდე, ჯერ გემო უნდა გავუსინჯოთ მას, ან ქართული წვენი შევუშვათ ძარღვებში და მოვსინჯოთ, შევხედოთ რეაქციას. ან საერთოდ, ვიცით კი როდის იწყება კლერიკალიზმი? ძარღვებში პატარა დოზითაც კი “გაუნათლებელი ექიმის” მიერ ერთი წვეთის შეშხაპუნებას, რომ შესაძლოა შხამის ეფექტი ჰქონდეს, იმ დროს არ ფიქრობს ის ექიმი, რომელსაც ნემსის ხელში დაჭერის ნებართვა მისცეს.
ის, რომ ალტერნატივა და შუალედურის მოძებნა არ ნიშნავს ბოროტებას, რომ დედამიწაზე ადამიანები უფრო მარტივად ცხოვრებენ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და თანაც ისე, რომ აქვთ საკუთარი კულტურა, რელიგია, ტრადიციები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კულტურაც და მიუხედავად ამისა, “კვაზიკლერიკალები” არიან თუ “კვაზისეკულარები”, აქვთ ძალა, უნარი დაიცვან თავისი სამშობლო, ხალხი და პატივი სცენ ინსტიტუტებს, შთამომავლობის ინტერესებს.
ისევ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მინდა დავუბრუნდე. მან, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოიჩინა ინიციატივა, სურვილი, ეს მისი ნება და უფლებაა, მაგრამ უნდა ვინმეს, დღეს საპატრიარქოს გადასცეს სახელმწიფო ინსტიტუტის სადავეები? რა შეიძლება მოხდეს წლების შემდეგ? იქნებ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომავალში რაღაც პოლიტიკური საკითხები ქვეყანაში საპატრიარქომ გადაწყვიტოს? იქნებ ამაში ცუდი არც არაფერია, მაგრამ… რა გვინდა ვიცით საერთოდ? ისევ იმ გაუნათლებლობას მინდა მივმართო – იცით რა არის კლერიკალიზმი?
ის, რომ დღევანდელი ვითარება ასეთია. ეს იმ მანკიერი პოლიტიკური კულტურის ბრალია, რომელსაც არანაირი ხარისხი არა აქვს ქვეყანაში. ეს, პირველ რიგში, იმ კონსტიტუციონალური ინსტიტუტების დაბალი დონის მაჩვენებელია, რომლებმაც უნდა შექმნან ქვეყანაზე მორგებული სისტემა, არ აყვნენ ემოციებს და მეორე რიგში, საზოგადოების, რომელმაც უნდა დაიცვას შექმნილი.
სანამ საქართველოში მორალური კანონების დაცვა იქნება პრიორიტეტული და კონსტიტუციას არავინ არაფრად ჩააგდებს, ყოველთვის შორს ვიქნებით ისეთი საზოგადოებისაგან, ისეთი ქვეყნებისგან, რომლებმაც უკვე ისწავლეს, რა არის ნორმალური ცხოვრება… და რაც ყველაზე მთავარია, მათ ზუსტად იციან რა უნდათ…
გენო ჯოხიძე