პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი არის დაკავებული. – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, ხოლო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქტივისტებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა და ისინი წაიღო.
ცნობისთვის, აქტივისტები პოლიციისგან მოითხოვენ პასუხს, სად არის მათი კარვები. ადგილზე ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც.
ამასთან, ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილი და გიორგი კაპანაძე.