ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” – საკონსტიტუციო პროცედურა, რომელსაც რიგგარეშე არჩევნებამდე მივყავართ

გიორგი გახარიას შემცვლელის ვინაობა ცნობილია. “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. მოსალოდნელი საკონსტიტუციო პროცედურის შესახებ “მეტრონომი” კონსტიტუციონალისტს ესაუბრა. ვახტანგ ხმალაძეს მივმართეთ კითხვით, რა შეიძლება მოხდეს, თუკი ღარიბაშვილის კანდიდატურამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ დააგროვა, ამის შემდეგ, პროცედურულად, როგორ განვითარდება მოვლენები?

როგორც ვახტანგ ხმალაძემ განგვიმარტა, კენჭისყრაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი თეორიულად დავუშვებთ კანდიდატურის ჩაგდებას, მოსალოდნელია შემდეგი სახის პროცედურა:

“თუ პარლამენტმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ დაუჭირა მხარი და მხარდაჭერისთვის საკმარისია 76 ხმა, მაშინ ერთვება შემდეგი ორკვირიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პარლამენტის წევრთა ერთ მესამედზე მეტმა, ანუ სულ ცოტა 51 დეპუტატმა უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. ამის შემდეგ პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, – ესეც განხილული უნდა იყოს კომიტეტებსა და იმ ერთადერთ ფრაქციაში, რომელიც პარლამენტშია დღეს, რის შემდეგაც ისევ პლენარულ სხდომაზე უნდა იქნეს გატანილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რომელიც უნდა დამთავრდეს ორ კვირაში.

თუკი ამ შემთხვევაშიც არ გამოუცხადა პარლამენტმა ნდობა მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებული იქნება, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადოს პარლამენტის დათხოვნა და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნების თარიღი”, – თქვა ვახტანგ ხმალაძემ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას რამდენიმე დეპუტატი მხარს უჭერს და ამის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა ჩავარდეს. ამ საკითხზე კომენტირებისას ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ ჩავარდება.

“ამ წუთებში პარლამენტში შესული არის 96 დეპუტატი. 90 – “ქართული ოცნებიდან,” 4 – “პატრიოტთა ალიანსიდან,” ახლა “ევროპელი სოციალისტები” რომ დაირქვეს და 2 – “მოქალაქეები.”

“ვეროპელმა სოციალისტებმა” გამოაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ღარიბაშვილის კანდიდატურას. “მოქალაქეებმა” თქვეს, რომ არ დაუჭერენ მხარს. თუ დავუშვებთ, რომ გიორგი გახარიას 16 მხარდამჭერი ჰყავს უმრავლესობაში, საბოლოოდ რჩება 78 ხმა, რაც საკმარისია იქნება ნდობის გამოცხადებისთვის”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან.”

კითხვაზე, მაინც რამდენად არის შესაძლებელი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა ჩავარდეს, დასძინა: “მგონია, რომ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.”

თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....