თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათის მოხსნის სავარაუდო დროზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების მოხსნა გონივრულ ვადებში და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოხდეს. ამის შესახებ მან Report.ge-ს განუცხადა.
“თუ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ეპიდვითარება არ გაუარესდება, მაშინ დარჩენილი შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს, მათ შორის, “კომენდანტის საათის.” ამ ეტაპზე ინფიცირების მაჩვენებელიც დაბალია და მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებთ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, თუმცა გარკვეული შეზღუდვები რჩება და ეს ისეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, რომელთა მოხსნაც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან. თუმცა, ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ყველა შეზღუდვის მოხსნა და რეგულაციების შემსუბუქება, მათ შორის, “კომენდანტის საათის”. ეს უნდა მოხდეს გონივრულ ვადებში და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.
ახლანდელი ეპიდვითარება, ზუსტად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივად ყველა შეზღუდვა მოვხსნათ. ამიტომ, თუ ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში არ გვექნება ეპიდვითარების გართულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა შეზღუდვების მოხსნა ჩვენ ეპიდსიტუაციას დიდად არ გააუარესებს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.