ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა შემთხვევაში ექნება აზრი ვადამდელ არჩევნებს – ფადი ასლი ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე

“საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ახალი რა შეიძლება მოხდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნით? არაფერი” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ბიზნესმენი, სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი.
მისითქმით, პოლიტიკური ლანდშაფტი არ შეცვლილა ზაფხულიდან მოყოლებული, რომელიც წინ უძღოდა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს. ის ამბობს, რომ ისევ ისეთი უნდობლობა და სიძულვილი სუფევს “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
ფადი ასლის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები იქნება პოკერის თამაშის გამეორება, როდესაც ორ მოწინააღმდეგეს ისევ ის ბანქო უჭირავს ხელში, რაც მანამდე ჰქონდათ. ქართული ოცნება კი ისევ იმ მეთოდების გამოყენებით გააყალბებს არჩევნებს, როგორც ეს ოქტომბერში გააკეთა, ხოლო არჩევნების შედეგიც იგივე იქნება.
“რატომ ვერ იჭერს მელა გაქცეულ კურდღელს? იმიტომ, რომ თუ მელა სადილს მისდევს, კურდღელი გადარჩენისთვის გარბის! თუ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, ქართული ოცნება გადარჩენისთვის გარბის; ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ქართული ოცნების მრავალ ჩინოვნიკს ციხე და ქონების ჩამორთმევა ელის! 2004 წელს, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან შვიდი მინისტრი და შევარდნაძის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები დააპატიმრა. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან ასევე დააპატიმრა სააკაშვილის შვიდი მინისტრი და მაღალჩინოსანი”. – წერს ფადი ასლი.
სავაჭრო პალატის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, იგივე სცენარის მომსწრენი ვიქნებით – “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიც ციხეში წავლენ.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ მანკიერი წრიდან გამოსვლისა არის ორ მხარეს შორის „ეროვნული შერიგება“, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპს – “არ არის დამარცხებული/არ არის გამარჯვებული”.
“ეს შერიგება აღმოფხვრის პოლიტიკური დევნის პრაქტიკას, რომელიც 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეროვნული შერიგება საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას დაუდებს სათავეს. შერიგების მთავარი მიზანია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, ხოლო ამისათვის ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, პოლიტიკური ბრალი მოეხსნათ და მათ, ვისაც დევნის შიშის გამო ქვეყნიდან გაქცევა მოუხდათ, უფლება მიეცეთ უვნებლად დაბრუნდნენ ქვეყანაში. “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებს უნდა მიენიჭოთ იმუნიტეტი, რომელიც მათ დაიცავს ყველა იმ დანაშაულისგან, რომელიც შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეთ 2012 წლიდან მოყოლებული ამგვარი შეთანხმების ხელმოწერამდე”. – წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.
მას სჯერა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ვადამდელ არჩევნებს, რომლის პირობებიც სხვადასხვა პარტიების კონსტრუქციული თანამშრომლობით განისაზღვრება.
“2007 წლიდან მოყოლებული, თოთხმეტი წელიწადი საქართველო არასტაბილურ მდგომარეობაშია, ხოლო ხალხი კი მუდმივად – ქუჩაში, ამა თუ იმ მიზეზის გამო საპროტესტო განწყობით . ეს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ეროვნული შერიგებით, რომელიც ქართველებს სიღარიბიდან ამოიყვანს და ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს!” – აცხადებს ფადი ასლი.
შეგახსენებთ, გუშინ პრემიერი გიორგი გახარია მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლობის მოტივით გადადგა. “ქართულმა ოცნებამ” კი უკვე დაასახელა პრემიერობის მომავალი კანდიდატი. დიდი ალბათობით,  ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის სავარძელს კიდევ ერთხელ ჩაიბარებს.
იტვირთბა....