ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს სრული უტოპიაა, თუმცა კარგი იქნებოდა პრემიერისთვის მის გუნდსაც მიებაძა” – ზურაბ გურული მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას აფასებს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

ექიმი აღნიშნულ მიმართვაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას აფასებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“უკონტროლო პანდემია, აბსოლუტურად ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, მოსალოდნელი და გარდაუვალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე. რაც მთავარია, სრული პოლიტიკური ქაოსი ამერიკაში.  CNN-მაც  ვეღარ დამალა გუშინ, რომ პრეზიდენტის განცხადებების უმრავლესობა საერთოდ არ შეესაბამებოდა სტატისტიკურ რეალობას. ვაშინგტონის კულუარებში სერიოზული გადაჯგუფება იწყება.

და ამ ფონზე საქართველოს მართვაზე პასუხისმგებლობის აღება, თან აღება ისე, რომ საკუთარ საკადრო პოლიტიკასაც ვერ წარმართავ; არ გემორჩილება პოლიცია და უშიშროება. ნებისმიერი ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანი გაერიდებოდა ამ სიტუაციას. სხვა საკითხია ის, რომ ამჟამინდელი სიტუაცია ლოგიკური გარდაუვალობა იყო და რამდენიმე წლის წინაც შეიძლებოდა მისი წინაწარმეტყველება.

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კორონამ ფორსირებული ტემპით წარმართა დეგრადაციის პროცესი.

საქართველო ამჟამად ბევრად უფრო სახიფათო სიტუაციაშია, ვიდრე გუშინ იყო.

პრემიერის საქციელი აქაიქ შემორჩენილ რამდენიმე ადეკვატურ მოხელესაც დააფიქრებს. სათამაშო მოედანზე მხოლოდ რადიკალები დარჩნენ. სამწუხაროდ, არ არსებობს ჩრდილოვანი კაბინეტი, რომლის შექმნაზე ოპოზიციას ე.წ. არჩევნების დასრულებისთანავე უნდა დაეწყო მუშაობა.

ვადამდელ არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ რამდენად დაეთანხმება ამ სცენარს “ოცნების” ულტრარადიკალური ფრთა? დიდი ალბათობით არ დაეთანხმება და გააგრძელებს ყოვლად უგუნურ ბრავადას, რაც სახელმწიფოს ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანს.

ბალტიისპირელი დიპლომატების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ მათ ესმით საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა.

მათ კარგად იციან, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება “შეახსენოს” მავარმმართებელმა დარჩენილ საქართველოს ე.წ. “მშვიდობის ფასი”. ქვეყანა გაძეძგილია რუსული სპეცსამსახურებით.
ოპოზიცია აბსოლუტურად ტყუილად ელის რაიმე სახის კონსტრუქციულ დიალოგს დარჩენილ მთავრობასთან. ეს არ მოხდება.

მთავრობა არ დათმობს ერთ გოჯსაც კი. მათ ეს ბრძანება მიღებული აქვთ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომ პრემიერისათვის მის გუნდსაც მიებაძა, მაგრამ ეს სრული უტოპიაა. უცხოელ დიპლომატთა კორპუსი დიდი ალბათობით ისევ ოპოზიციას მოსთხოვს დათმობას და იმედია ოპოზიცია მაქსიმალურად ნათლად აუხსნის მათ, რომ ნებისმიერი დათმობა მხოლოდ გადაავადებს ეგზისტენციალურ კატასტროფას რამდენიმე თვით. ამის სწორად ახსნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.” – წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....