ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა “ოჯახის ღირსება შეარცხვინა” და ამიტომ იძალადა მასზე. ბრალის დადგენილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე წაიკითხა.
აქვე გეტყვით, რომ საქმეში სულ სამი ეპიზოდია – ცემის ორი ეპიზოდი დეკემბერსა და იანვარში და მუქარა. კაცი ბრალს მხოლოდ ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით აღიარებს – ამბობს, რომ შვილიშვილს სახეში გაარტყა, დანარჩენ ორ ეპიზოდს კი უარყოფს. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ კაცმა არასრულწლოვანი მუშტით სახეში სცემა და ყელში ხელები წაუჭირა.
ცნობისათვის, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი გოგოს ბაბუა შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს.