„მონტენეგროს მიწვევა გაწევრიანებისთვის /ნატოში/ იმის ნიშანია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა აქტუალურია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ნატოსა და რუსეთს შორის ასეთთი დაძაბული ვითარებაა, ამ ნაბიჯის გადადგმა პირდაპირი გზავნილი იყო ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა – მოემზადეთ და ჩვენც ვემზადებით თქვენს მისაღებად“. – ასეთ პასუხი გასცა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „მეტრონომის“ კითხვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსის ზრდაზე, მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციამ მონტენეგროს გაუგზავნა გაწევრიანების მიწვევა.
„ჩვენთვის, ყველასთვის ეს არის მესიჯი, რომ მომზადების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა გავხდებით“ – ამბობს ალასანია.
შეგახსენებთ, რომ მონტენეგრომ NATO-სგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა ბრიუსელში ამ წლის დეკემბერში მიმდინარე მინისტერიალზე მიიღო. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს NATO-ს გაფართოების პირველი შემთხვევაა. მონტენეგრო უახლოეს სამიტზე NATO-ს 29-ე წევრი გახდება.