პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებაში დღეს ყველაფერი საპირისპიროდაა – გმირი არის, ვინც იფორთხა, უზრდელი არის წმინდანი.
„ერთი პოლიტიკური იგავ-არაკია სახელწოდებით „მელი მოძღვრად“. მელამ ძერა, მამალი და ოფოფი სულის საცხონებლად პირდაპირ იერუსალიმში წაიყვანა და შემდეგ სოროში დაუწყეს აღსარების ჩაბარება. ბოლოს, გამოუვალ სიტუაციაში ოფოფმა ჭკუა იხმარა. არ არსებობს, გამოსცე კანონი, რომ დღეიდან გავხდეთ ჭკვიანები, დღეიდან გვიყვარდეს კულტურა. ვიდრე მელას გაეკიდებიან იერუსალიმში საცხონებლად, გადასარჩენად, ამას ვერაფერს უზამ, მაგრამ ბოლოს ოფოფმა ჭკუა რომ იხმარა, მაინც პროგრესია. პოლიტიკური სახელმძღვანელოა „სიბრძნე-სიცრუისა“, ხომ არ გგონიათ იმ საუკუნეში მოხდა? – ახლა ხდება, ბევრ პერსონაჟს ვიპოვით პირდაპირ – მაოხრებელ გზირს, ავსიტყვას, სულ სათითაოდ არიან ჩამოწიკწიკებულები.
ხალხი დაიზაფრა და გაზაფხულს ელოდება შიშით მაშინ, როდესაც გაზაფხული მთელ მსოფლიოში, ცხოვრებაში, ბუნებაში, სახარებაში არის განახლების, სიმბოლური დატვირთვა აქვს, ჩვენთან არის დაზაფვრის. ყველაფერი შეტრიალებულია, ანუ, გმირი არის, ვინც იფორთხა, უზრდელი არის წმინდანი. ამას რა უშველის? მელას არ უნდა გაეკიდო სოროში. თუ საზოგადოება ამას ერთად არ მივხედავთ, კანონი ვერ უშველის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.