ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

კალაძის თქმით, 2020 წელს ვანდალიზმის ფაქტები 168 მისამართზე აღირიცხა

2020 წელს ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები 168 მისამართზე აღირიცხა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ამ მიმართულებით საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან პროცესში მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მნიშნელოვანია.

„მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური მწვანე საფარი და ლითონის ღობე, ხერხით გადაჭრილი სკამი, დამწვარი საბავშვო ატრაქციონები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები და სხვა. ეს არის ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება დედაქალაქში და განსაკურებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებსა და სკვერებში, რომლებიც ახლადრეაბილიტირებულია, მოწესრიგებულია და ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამ მიმართულებით, მინდა ვთხოვო დახმარება და მხარდაჭერა საზოგადოებას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც ხდება, უსაფრთხოების კამერები იყოს განთავსებული, მაგრამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი აქტიურობა მნიშნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურები სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის დამატებითი ღონისძიებების გასატარებლად მზად არიან.

„მე პირადად და ჩვენი სამსახურები მზად არიან, რომ დამატებითი ღონისძიებები გავატაროთ, რათა ადამიანებს უფრო გასაგებად ავუხსნათ და ახალგაზრდებს უფრო მეტი ვაჩვენოთ, რომ ეს არასწორია და ნამდვილად არაა მისასალმებელი  ახლადრეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის კეთდება. პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახლს. ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალური თანადგომა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს გადაეცა ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ხდება სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება.

 

 

 

იტვირთბა....