საცხოვრებელი ფართები გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს დაუკანონდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მესაკუთრეებს ქონებები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემათ.
„თბილისის სხვადასხვა რაიონში, გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდებათ, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო ფართების დაკანონება. აღნიშნული დაკანონების საკითხი გადაიგზავნება საკრებულოში, სადაც მოხდება მისი მხარდაჭერა და დამტკიცება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი რაიონების გამგეობებს მიმართონ.
„მინდა, იმ ადამიანებს და ოჯახებს მივმართო, ვისაც აქვთ პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გააკეთოთ განაცხადი იმ რაიონების გამგეობებში, სადაც ცხოვრობთ. ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ თქვენივე რაიონების გამგეობებს, სადაც მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტაციის შევსება, რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება. რადგან ასეთი წარმატებულია, ჩვენ ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.