“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებას გადაწყვეტს, მას ფიზიკურად დაიცავენ. მისივე თქმით, პარტიის ოფისში უკვე უამრავი ადამიანია შეკრებილი. ამის შესახებ მან გადაცემა “კომენტარში” განაცხადა.
“ჩვენს ოფისში უკვე არის უამრავი ადამიანი, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის წევრი და მხარდამჭერი, არამედ სხვა პარტიების წარმომადგენლები. თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვლენ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება პოლიტიკასთან და მით უმეტეს პარტიებთან კავშირი არ ჰქონდეთ, მაგრამ აქვთ ღირსება, არიან პატრიოტები და აღშფოთებულები ამ რეჟიმის უტიფრობით, როდესაც გავრილოვის აქ ჩამოთრევის გამო ვისაც პროტესტი გაუჩნდა, იმ ადამიანთაგან ერთ-ერთს უპირებენ დაპატიმრებას.
ჩვენ ნიკა მელიას წინ ცოცხალ ფარად, მშვიდობიან ფარად ავეფარებით და არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ამ ოფისში შემოვიდეს და ნიკა მელია დააპატიმროს. თუ ამას შეეცდებიან, მაშინ ამ ოფისის შტურმი მოუწევს ამ პუტინის მონების რეჟიმს და ვნახოთ, ასეთ შემთხვევაში რას და ვის დაიჭერენ”, – განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისათვის, პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. პლენარული სხდომის შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს.